„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.

ორგანიზაციის მთავარი მიგნებების თანახმად, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულების ანალიზი ცხადყოფს, რომ მასში მოცემული ამოცანების შესრულების დადასტურებისთვის განსაზღვრული ინდიკატორები და სამიზნე მაჩვენებლები, ხშირ შემთხვევაში, ამოცანას მნიშვნელობას ართმევს ან/და შეუძლებელს ხდის მისი შესრულების გაზომვას, ხოლო ამოცანისთვის განსაზღვრული აქტივობები არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.

ანგარისში ვკითხულობთ: „ სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები მიუთითებს, რომ მოქმედი ამოცანები და ინდიკატორები კვლავ საჭიროებს დახვეწას S.M.A.R.T. კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ამოცანების რეალურად მისაღწევად აუცილებელია, მეტი აქტივობის განსაზღვრა და მათი შესრულებისთვის რეალური ვადების დაწესება, სამოქმედო გეგმის შემუშავებისას რისკების და ხელმისაწვდომი რესურსების ადეკვატურად განსაზღვრა“.

მკველვართა შეფასებით, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმით საკმარისი აქტივობები არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტებისთვის და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ. ამასთან, სამოქმედო გეგმაში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რაც უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად.

რეფორმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს იკვეთება, რომ  საერთო ჯამში, სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ნაკლებობაა. ჩანს, საერთო მიდგომის არარსებობა, ზედამხედველობის სისუსტე, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი და საკითხის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება, რაც სერიოზულ გამოწვევებს წარმოადგენს და აფერხებს დასახული ამოცანების შესრულებას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რეფორმის მთავარი გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო სერვისების მიმართულებით, ხელისუფლებას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • სახელმწიფო სერვისების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში ფორმალისტური და ზედაპირული მიდგომის აღმოფხვრა და უწყებებისთვის მათი მნიშვნელობის გაზრდა;
  • სახელმწიფო სერვისების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, მთავრობის საზედამხედველო როლის ეფექტიანად გამოყენება;
  • სახელმწიფო სერვისების მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა;
  • სახელმწიფო სერვისების მიმართულებით მუნიციპალიტეტების ჩართულობის ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი ამოცანებისა და აქტივობების განსაზღვრა;
  • სამოქმედო გეგმის სახელმწიფო სერვისების მიმართულებაში S.M.A.R.T. ამოცანებისა და ინდიკატორების გათვალისწინება;
  • სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით მოცემული ამოცანების რეალურად მისაღწევად საჭირო მაჩვენებლებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;
  • სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით მოცემული ამოცანების მისაღწევად საჭირო აქტივობების გათვალისწინება და მათი განხორციელების ვადების სწორად განსაზღვრა.

საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ანგარიშები სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: PAR Tracker

QvemoQartli.ge