ISFED-ი რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად

სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გავლენიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, დაუახლოვდნენ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს. იყვნენ მათთვის ადვილად ხელმისაწვდომები და იზიარებდნენ-ცვლიდნენ ყოველდღიურობას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ამ მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის წინ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების(ISFED), ახალი ოფისი გახსნა.

დღეს, მათ სატრენინგო სივრცეში, ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეების გზავნილები დაგხვდებათ: „ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხის აზრი პირველ ადგილას იქნება“, „ სადაც ადამიანს მეორე ადამიანის აზრი არ აინტერესებს და ცხოვრობს თავისი აზრით“, „ მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც რუსეთი არ იარსებებს“, „ სადაც იქნება სიტყვის თავისუფლება“, „სადაც ფასდება ახალგაზრდების სწავლა და შრომა“.

ეს გზავნილები სკოლის მოსწავლეებმა „სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დატოვეს. პროექტს „მე ხმას ვაძლევ პირველად“ ეწოდება და მისი მეშვეობით ორგანიზაცია, ცდილობს ახალბედა ამომრჩევლის გაძლიერებას – მისთვის არჩევნების თაობაზე ცოდნის გაზიარებით.

ამ და სხვა პროექტებზე, ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი, ლია ნოღაშვილი საუბრობს. გვიხსნის, რომ ბოლნისის ოფისი ქვემო ქართლთან ერთად ფარავს თბილისს და მცხეთა-მთიანეთს.

„ ჩვენ, ასევე განვახორციელეთ მედიაწიგნიერების თემატიკის პროექტი, 55 წელს ზევით ასაკის ქალებისთვის. მოგეხსენებათ, ამ ასაკის ადამიანს და არა მხოლოდ მათ ცხადია, ძალიან უჭირთ დეზინფორმაციის საკითხებში გარკვევა. ჩვენ არ მიგვითითებია მათთვის, თუ რომელი არის ყალბი ამბავი და დეზინფორმაცია, ჩვენ მათ გადავეცით უნარები, რომელიც ამის გარკვევაში დაეხმარებათ. სულ რვა ტრენინგი ჩატარდა, ამ საკითხზე“ – ლია ნოღაშვილი, ISFED.

„სამართლიან არჩევნებს“ სხვა გავლენიან ორგანიზაციებთან შედარებით, აქვს ერთი უპირატესობაც, მათ ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელი. ნოღაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასაც ცდილობს.

„ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავდა აქ წარმომადგენელი, მე ვიტყვი რომ მაინც არ ვიცოდი ამდენი და ასეთი კარგი ორგანიზაცია თუ მუშაობდა ამ მუნიციპალიტეტში. აქვთ კარგი იდეები, კარგი პროექტები და შესაბამისი მხარდაჭერაც დონორებისგან. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მათ გაძლიერებას. ეს ოფისიც ღიაა მათთვის.

აქაც, ატარებენ შეხვედრებს, რადგან ამ ეტაპზე ყველას არ აქვს თავისი ოფისი, ან ფართი არ აქვს ისეთი დიდი, რომ შეხვედრის ჩატარება შეძლოს“, – რეგიონული კოორდინატორი, ლია ნოღაშვილი.

ნოღაშვილი ამბობს, რომ ამჟამად მათი მუშაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობების საჯარო ინფორმაციის გაცემის პოლიტიკა. საუბრობს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტები არ აწვდიან საჯარო ინფორმაციას, ასევე არ თანამშრომლობენ ორგანიზაციასთან, საჯარო შეხვედრების ჩატარების მხრივაც. ნოღაშვილი საუბრობს, რომ ისეთი თემატიკის შეხვედრაც კი, სადაც თანამდებობის პირებისთვის ხდება, მათი საარჩევნო შეზღუდვების გაცნობა, მათთვის ხშირად, მიუღებელია და მონაწილეობაზეც უარს აცხადებენ.

„სამართლიანი არჩევნების” ოფისი ქალაქ ბოლნისში ნიკოლოზ მოსიაშვილის 10 ნომერში მდებარეობს.

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.