გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით ჯირითობდა. ყურადღებას ასევე, ყვავილებით და თეთრი ნაჭრით მორთული ურემი იქცევდა. წითელი ლენტებით გაფორმებული ურემი ახალგაზრდებს ებარათ. მასში დაახლოებით 15 წლის ასაკის გოგონა იჯდა. ფერადი ყვავილების გვირგვინი ედგა თავზე და ხალხს უღიმოდა.

ზეიმისთვის გარდაბნის პოლიციაც გაისარჯა. აღმაშენებლის ქუჩა თითქმის ბოლომდე გადაკეტილი იყო. თუმცა რეალურად გზის ამ მონაკვეთის გადაკეტვის საჭიროება არ იყო. მოზეიმე საზოგადოება ქუჩაში არ იდგა. დღასასწაულის ეპიცენტრი გარდაბნის გამგეობის მეზობლად მდებარე სკვერი იყო.

სკვერის პატარა სცენაზე ახალგაზრდები ქართულ და აზერბაიჯანულ ცეკვებს ასრულებდნენ. სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულ გარდაბნელებს სუფრები გაეშალათ. მათი სოფლის, თუ სკოლის სახელი სუფრასთან ფერად ხალიჩებზე ჰქონდათ გაკრული. ზეიმზე საკუთარი სკოლის წარმოსაჩენად აქთაკლია აქტიურობდა. ტკბილეულით გაშლილი სუფრის და ფერადი ხალიჩების ფონზე სკოლის კოლექტივი ფოტოებს იღებდა. აქტიურობა მოსწავლეებსაც არ აკლდათ.

,, ნოვრუზ ბაირამს აღვნიშნავთ სახალხო ზეიმით. დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლაშიც გვქონდა. მე სოფელ აქთაკლიაში ვცხოვრობ და სოფლის სკოლაში დავდივარ. განწყობა ყველას ხალისიანი გვაქვს. აქ ჩემთან ერთად სკოლის პედაგოგები და მეგობრები არიან”- ამბობს აქთაკლიის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ელნარა მამაედოვა.

აქთაკლიის მეზობლად სუფრა ყარათაკლიიის საჯარო სკოლასაც აქვს გაშლილი.

,, თქვენი საშუალებით მინდა ყველა აზერბაიჯანელს მივულოცო ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ჩვენი ყველასი ზეიმი” – საუბრობს ნინო ყორაშვილი.ის ყარათაკლიიის საჯარო სკოლის პედაგოგია. ამბობს, რომ დღეს სკოლები ისვენებენ, მაგრამ ამ დღის ანაზღაურება შაბათს მოუწევთ.

მაშინ, როდესაც სოფლების წარმომადგენლები საკუთარ სამეგობროებთან და კოლეგებთან ერთად ქეიფობენ, სკვერის პატარა სცენაზე ტარდიციულ საცეკვაო სამოსში ჩაქცმული გოგოენები ცეკვავენ. საცეკვაოდ თავის ჯერს 7 წლის სამირაც ელოდები. დროს თანატოლების მოტყუებაში ატარებს ,, ეს ნაწნივი ჩემი თმაა, მიკერებული არ გეგონოს” – დამაჯერებლად უხსნის ბავშვებს.

სცენაზე გამომსვლელების რიგი დგას. მომლოდინეები მაყურებლების გვერდითაც იწყებენ ცეკვას. საცეკვაო სამოსი თხელია და სცივათ. მათ მსგავსად ცივათ სცენაზე მოცეკვავეებსაც. საცეკვაო კოსტუმის გარედან ზოგს დუტის ჟილეტი აცვია. ცეკვის ილეთების შესრულებისას კაბიდან კეტები და ბოტასები ჩანს.

განსაკუთრებული საზეიმო სამოსი მოცეკვავეების გარდა რიგით მაყურებლებსაც აცვიათ. სასცენო ნომრებზე არანაკლებ ინტერესს წითელ კაბაში გამოწყობილი გოგონა იქცევს. ეტყობა, რომ ის ამ საზოგადოებისთვის ნაცნობი ახალგაზრდაა. თანატოლებისგან კომპლიმენტებს იღებს. მას ალბათ, მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება გარდაბანში აღნიშნული ნოვრუზ ბაირამი, რადგან დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი გმირი თავადაა.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=122