რუსთაველებს 4 წლის წინანდელი ქვითრების მოძიება მოუწევთ

მარტის დასაწყისიდან რუსთაველებს  სახლის კართან ქვითრებთან ერთად წერილი ხვდებათ. ნახევარ-გვერდიანი წერილის გამომგზავნი რუსთავის მერიის მოსაკრებლების სამსახურია.

გზავნილის ტექსტი სასიამოვნო ხასიათის არაა. მოსაკრებლების სამსახური დასუფთავების გადასახადის დავალიანების შესახებ აცნობს მოსახლეობას.

წერილს ისინიც იღებენ ვისაც  დავალიანება არ აქვს. ,, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისეთ მოქალაქეებსაც მიუვიდათ ეს ფურცლები ვისაც დავალიანება არ აქვს.

ჩვენ სამსახურს, სამწუხაროდ არ აქვს მოწესრიგებული ელექტრონული სისტემა, სადაც გადამხდელები ფიქსირდებიან. არ გვაქვს ბაზა, რომელიც თავისუფლად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. ბევრი რამ ახლაა გასაკეთებელი და მოსაწესრიგებელი” – საუბრობს, რუსთავის მერიის  ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, ზაქრო დათუაშვილი. მისი თქმით, იურიდიული პირების ჩათვლით 32 000 მოქალაქისგან იღებს დასუფთავების გადასახადს. სამსახურს კი სულ 6 თანამშრომელი ყავს.

,, ჩვენ გვინდა ელეტრონული ბაზის შექმა, უბრალოდ, ეს არ არის ადვილი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ბაზა, სადაც  დასუფთავების გადასახადის გადამხდელები ფიქსირდებიან არც ერთ თვითმმართველ ქალაქს არ აქვს. თუმცა ვთვლი, რომ სხვისი ყურება არ არის საჭირო და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით კონკრეტულად როდის გაკეთდება ეს საქმე” – დასძენს დათუაშვილი.

3 თვის წინ დანიშნული მოსაკრებლების სამსახურის უფროსი იმ პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რომელიც არც, თუ დიდად მოწესრიგებულმა წინა ხელმძღვანელმა დაუტოვა. მოსახლეობას კი თავისი გასაჭირი აქვს.

,,  დასუფთავების სამსახური გვთხოვს წარვადგინოთ ქვითრები 2008 წლიდან. ნამდვილად არ მაქვს 4 წლის წინანდელი ქვითრები შენახული” – ამბობს, რუსთაველი ნანა შეროზია.

როგორც წესი, რამდენიმე წლის წინანდელ ქვითრებს მოსახლეობა არ ინახავს, თუ რა თქმა უნდა, ვინმეს ასეთი უცნაური ჰობი არ აქვს.   შესაბამისად, გამოდის, რომ მოსაკრებლების სამსახური ადგილობრივი მოსახლეობისგან ბევრ ლარს ,,მოკრიბავს”.

,, ჩვენიც უნდა გაიგოთ. თუ არსად ფიქსირდება მოქალაქის გადახდილი თანხა, ჩვენ რა ვქნათ?  რადგან წინა წლის დავალიანებებიც არის, სწორედ, ამიტომ ვითხოვთ ძველ ქვითრებს” – გვიხსნის,  მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, ზაქრო დათუაშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=124