316 963 ლარი, ქვემო ქართლის გუბერნიის 6 ავტომობილის, ტექნიკური მომსახურებისთვის

სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაცია ქვემო ქართლში, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა კომპანია შპს „ავტოლიდერთან.“ ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება და დოკუმენტის თანახმად გუბერნია მზადაა, მის სარგებლობაში არსებული 6 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 316 963 ლარამდე თანხა გადაიხადოს, წლის განმავლობაში.

ხელშეკრულების პროექტში ვკითხულობთ: „ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო  საშუალებათა პრეისკურანტით შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის  საშუალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მიმწოდებლის სერვის ცენტრებში.“

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ავტოლიდერი“ მონაწილეობდა. სატენდერო პირობების ერთ-ერთი პუნქტი კი შემსყიდველისგან მოითხოვდა:

„ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლის განმავლობაში სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებთან ანალოგიური მომსახურების განხორციელების გამოცდილება არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) ლარზე. “ შესაბამისად, კომპანია რომელსაც გაცილებით დიდი თანხის ტენდერის მიღების, მართვის და სამუშაოების შესრულების გამოცდილება აქვს, ვერ ჩაერთვებოდა ტენდერში, თუ გასულ წელს საჯარო უწყებებთან არ უთანამშრომლია.

აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტენდერის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება, მისი გამოცხადების დროს, 561 899 ლარს შეადგენდა და სხვა, გაცილებით ნაკლები, თანხის შეთავაზება უშუალოდ პრეტენდენტის მხრიდან მოხდა.

QvemoQartli.ge