„ ყველაზე რთულია ის, რომ მოსავლელი ადამიანის ხელით აწევა და გადაადგილება მიწევს“ – მარტოხელა დედები ემიგრაციის შესახებ

ალბათ, ყველას გვყავს გარშემო ოჯახები, რომელთა ერთი წევრიც შრომით მიგრაციაში იმყოფება. უმეტესად კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საკუთარი შვილების და ოჯახების დატოვება სწორედ ქალებს უწევთ.

ქალებისთვის, განსაკუთრებით  კი არასრულწლოვანი შვილების დედებისთვის ემიგრაცია დამატებით უდიდეს სტრესს ქმნის. საკუთარი მზრუნველობითი პასუხისმგებლობების დატოვება და ემიგრაციაში სხვის შვილებსა თუ ხანდაზმულებზე ზრუნვა, არაერთ ფსიქო-სოციალურ სირთულეს უკავშირდება.

დაბალი ანაზღაურება და სამუშაო ადგილების სიმცირე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ემიგრაციის.

ფიქრია ჭიჭინაძე 35 წლის მარტოხელა დედაა, მას ორი შვილი 13 და 14 წლის ბიჭები ჰყავს. თუმცა, უკვე სამი წელია ფინანსური კეთილდღეობისთვის მათგან შორს, ემიგრაციაში ცხოვრობს.

იხსენებს, რამდენად რთული იყო მისთვის განშორება შვილებთან და ცდილობს გადმოგვცეს ის განცდები, რომელიც მის ემიგრაციაში წასვლას ახლავდა.

„9 წელი ვიყავი ქირით ბავშვებთან ერთად. ვერ გავწვდი ყველაფერს, მარტოხელა დედა და გადავწყვიტე ჩემი შვილებისთვის ცოტა მაინც შემემსუბუქებინა ცხოვრება.   ძალიან რთული, ურთულესი იყო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება. არაფერი ვიცოდი, 2 წელზე მეტი ტირილში მაქვს გატარებული.

მინდა ჩემი შვილების გამო ყველაფერი შევძლო. რთულია შეხვიდე ოჯახში უცხო ქვეყანაში, არაფერი იცოდე და მაინც შენი კეთილდღეობისთვის უძლებდე ტანჯვას.

ჩემი ერთი დღე მოხუცის მოვლით, მოწესრიგებით და მისი გამოკვებით იწყება. ყველაზე რთულია ის, რომ ხელით აწევა მიწევს მისი და გადაადგილება, რამაც სულ დამანგრია. კიდევ ერთხელ, აღვნიშნავ ამას რომ ჩემი შვილების გამო ვაკეთებ, რომ არ მოშივდეთ და ელემენტარული პირობა ჰქონდეთ.

ვისურვებდი ისეთ საქართველოს საიდანაც ემიგრაციაში წასვლა ბევრ ახალგაზრდა გოგოს და ასაკიანს არ უწევდეს. ხელფასები იყოს ისეთი, რომ ადამიანმა არსებობა შეძლოს და შვილების დატოვება არ მოუწიოს.

ყოველდღე ტირილით იწყება და ღამდება. როცა დაურეკავ ჩემ შვილებს ვცდილობ ეს ჩემი ტანჯვა არ დავანახო და მარტო მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება სამწუხაროდ და ყველაზე რთული ისაა, არ იცი ეს ყველაფერი როდის დასრულდება ჩვეულებრივი პატიმრები ვართ“, – ფიქრია ჭიჭინაძე ემიგრანტი.

ფიქრიას მსგავსად, ჩვენი მეორე რესპონდენტიც ემიგრაციაში მყოფი, მარტოხელა დედა, 36 წლის მანანა კინწურაშვილია.

მანანა კინწურაშვილი

მისი ისტორიის მოყოლას ბავშვობის ოცნებებიდან ვიწყებთ. სურდა იურისტი გამხდარიყო, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლო ამ ოცნების ასრულება. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დაოჯახდა და ორი შვილის დედა გახდა. ქმარს რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა და მას შემდეგ ორ შვილს მარტო ზრდის.

„ ყველაფერი შეიცვალა რუსეთის ომის გამო 2008 წელს. ომმა რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემს ყოფილ ქმარზე, ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ, მამაკაცები ყოველთვის გამოსავალს სასმელში ხედავენ და ჩემმა ყოფილმა ქმარმაც გადაწყვიტა სასმელში ჩაეხშო ყველაფერი. ალკოჰოლზე დამოკიდებულ ყოფილ ქმართან ცხოვრება გაუსაძლისი იყო, ჩემთვის და ბავშვებისთვის, ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და წავედი. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თავი შევაფარე ჩემს ბაბუასთან, ჩემს შვილებთან ერთად. მოგვიანებით კი დედასთან დავბრუნდი საცხოვრებლად.

როცა ყველაფერი დალაგდა და მუშაობა დავიწყე, იცით სად ვმუშაობდი? საცხობში ბულკების მცხობელად, ანაზღაურება მთელი ღამის განაკვეთზე 6-10 ლარამდე მერყეობდა.“

მანანამ პირველად ქვეყნის დატოვება 2016 წელს გადაწყვიტა. თუმცა პანდემიის პერიოდში ისევ სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და ღირსეული ანაზღაურების არ არსებობის გამო, დღეს ისევ ემიგრაციაში, შვილებისგან მოშორებით უწევს ცხოვრება.

„ ყველაზე რთული ემიგრაციაში ის არის რომ შენ შენს თავს არ ეკუთვნი. ყოველი დღე ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. რთულია ის რომ სამუშაო დღის ბოლოს, შენს ოთახში შესული რჩები მარტო, ოთხკედელში, ყველაფერზე გეფიქრება და ცრემლები გაწვება – მონატრების ცრემლები ცდილობ მაგრამ არ გამოგდის თავის შეკავება. თითქოს შენს თავთან გრცხვენია ტირილის, მაგრამ ტირიან ისინი, ვინც განიცდის, ვისაც მართლა სტკივა.

დილა კი იწყება იმით რომ თვალის გახელისთანავე მათი სურათებით ვტკბები. მე ამით ჩემი შვილების სიშორეს ვიმსუბუქებ და თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე მათი სურათებით ვტკბები. გინდა უცებ მოესიყვარულო შვილებს და მთელი სამუშაო დღე გაიიოლო მათი კარგად ყოფნით. მთელი დღე საზრდოობ მათი „დილა მშვიდობისა“ ნათქვამით და „ღამე მშვიდობისა“ – იძინებ მშვიდობიანი ღამის სურვილების შემდეგ. მე ამ ყველაფერს ვუძლებ და უძლებს ყველა ემიგრანტი აქ, სხვა ქვეყანაში. სხვისი ცხოვრებით მცხოვრები დედები ვართ ჩვენ.

მე ამ ყველაფერს მიადვილებს ის რომ ჩემი ემიგრანტობით აუცილებლად მივაღწევ მიზანს და ჩემს შვილებს მივცემ განათლებას, მე ვერ ავისრულე სურვილი და ვერ გავხდი იურისტი, მაგრამ გავხდი ძლიერი დედა. დედა რომელიც საქართველოს უზრდის ორ ვაჟკაცს.

დედობა არის გმირობა, დედა არის ყოვლის შემძლე, დედა არის უძლიერესი, დედისთვის შეუძლებელი არაფერია. მე ვარ ემიგრანტი დედა, დედა რომელიც მიაღწევს მიზანს და ისევ ჩემს შვილებთან დავბრუნდები, დავბრუნდები და ვიცხოვრებთ ერთად, ვიყიდი ჩემს საოცნებო პატარა სახლს დიდი ეზოთი და ბევრი-ბევრი ფერადი ყვავილებით“ – მარტოხელა დედა, ემიგრანტი მანანა კინწურაშვილი.

უახლოესი კვლევა რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა, სახელწოდებით – „საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“, აჩვენებს მიგრანტი ქალების სირთულეებს და მათი დაბრუნების პერსპექტივებს.

„მიუხედავად იმისა, რომ შრომითი მიგრაცია სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, ქალი მიგრანტების გამოცდილებები მიუთითებს ხანგრძლივი ემიგრაციის ისეთ სოციალურ საფრთხეებზე, როგორებიცაა გამგზავნ ქვეყნებში ქალების მიგრაციით გამოწვეული ფიზიკური და ემოციური ზრუნვის დეფიციტი, საკუთარ ოჯახთან განშორებით და მზრუნველობითი პასუხისმგებლობების დატოვებით გამოწვეული სტრესი, ემიგრაციაში მძიმე სამუშაო პირობებით გამოწვეული ფიზიკური თუ ემოციური სირთულეები, ხანგრძლივი განშორებით გამოწვეული გაუცხოება ოჯახის წევრებთან. აღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად გარდაუვალი აუცილებლობაა ემიგრანტი ქალების დროულად და ღირსეულად დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც ემიგრაციაში წასვლისთანავე უნდა იწყებოდეს.

ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, ქალების მდგრადი რეინტეგრაციისთვის ხელისშემშლელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი.

საგულისხმოა, რომ მიგრაციის ფემინიზაცია არ არის სახელმწიფოს საერთო ხედვისა და პოლიტიკის ნაწილი, ქვეყნის შესაბამისი ნორმატიულ-პოლიტიკური დღის წესრიგი კი სრულიად დაცლილია გენდერული პერსპექტივებისგან. მსგავსად, არც დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის არსებული პროგრამები არ არის გენდერულად სენსიტიური, მცირე ბიუჯეტისა და რეაგირებით ხასიათის გამო, ერთჯერადი სოციალური დახმარების ეფექტი აქვს და ვერ უზრუნველყოფს დაბრუნებული მიგრანტების და მათი ოჯახების მდგრად ეკონომიკურ გაძლიერებას.

არსებული პროგრამები ვერ უქმნის ემიგრანტებს დაბრუნების მოტივაციას, დაბრუნებული ემიგრანტები კი ხშირად კვლავ ემიგრაციაში ხედავენ გამოსავალს, რაც რეინტეგრაციის მდგრადობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ავტორი: ნინო ბერიძე

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.