ქვემო ქართლში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანიები მიმდინარეობს

მოსახლეობასთან შეხვედრები,  ხელმოწერების შეგროვება, ვორქშოპები – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ახორციელებენ. მათ ადგილობრივი ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობა პროექტმა მისცა, რომლის სახელწოდებაცაა:  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის.“

ამ მასშტაბურ პროექტს CENN-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან  (KKM) და პირველ ევროპელთან (FE) პარტნიორობით  ახორციელებს.

გასულ წელს დაწყებულმა პროექტმა  ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტი მოიცვა.

მრავალ კომპონენტიანი პროგრამის ერთ-ერთი აქტივობა, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მათი ინიციატივების ხელშეწყობას მოიაზრებს. სწორედ, ამ მიმართულებით მიმდინარე წლის ივნისი, საგრანტო კონკურსიც გამოცხადდა.

დღეს, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს თვალყური ვადევნოთ ახალი ინიციატივების განხორციელებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG), მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი, ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი  (BAEC) და  წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – ეს ზაფხულში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაციებია.

მათ ინიციატივების განხორციელება და თავიანთი    ადვოკატირების კამპანიები უკვე დაიწყეს.

თეთრიწყაროში, პროექტის ფარგლებში, ადვოკატირების კამპანიას 2004 წელს დაარსებული ორგანიზაცია – „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)“ ახორციელებს. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი ამბობს, რომ  მოპოვებული გრანტით  კოდის დევნილთა დასახლებაში არსებული სასმელი წყლის  კომპლექსური პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 450-მდე ოჯახის 15-წლიანი პრობლემის მოგვარების მცდელობა ორგანიზაციამ ადგილობრივებთან შეხვედრებით, საინიციატივო ჯგუფის შექმნით და გამოკითხვით  დაიწყო.  ჩატარდა სამი შეხვედრა.

„ ადგილობრივებთან  პირველ შეხვედრაზევე ცხადი გახდა, რომ მათ ბევრი ჰქონდათ ნაფიქრი სასმელი წყლის პრობლემაზე. ამიტომაც მისი მოგვარების საუკეთესო გზა ერთობლივად ადვილად ვიპოვეთ. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ შეხვედრებზე ჩამოყალიბდა, კარდაკარის პრინციპით აკითხავს დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ჩვენს მიერ წინასწარ შემუშავებული კითხვარით. ჯგუფის წევრები თავად მზად არიან აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა სასმელი წყლის მიწოდების პროცესში და მას შემდეგ, რაც ადგილობრივები დარეგისტრირდებიან აბონენტებად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაზაში, ხელი შეუწყონ კამპანიის პროცესის ადმინისტრირებაში“  – გულიკო შოშიტაშვილი.

კითხვარის ანალიზის შემდეგ „ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)“  გეგმავს პასუხისმგებელ უწყებებში გასაგზავნი წერილები მომზადებას.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა „გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიასთანაც“, იმისთვის რომ  მათ გააგებინონ კოდის დასახლების  დევნილთა მთავარი სათქმელი – ეს ადამიანები მზად არიან დარეგისტრირდნენ აბონენტებად და გადაიხადონ წყლის გადასახადი.

„კეთილმოწყობილი სტადიონი სოფელ დისველს“- ამ სახელწოდების ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს “ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი”  (BAEC) ბოლნისში.

დისველი ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია, ამჟამად აქ დაახლოებით 80 ოჯახი ცხოვრობს.

სტადიონი ახლა აქ, სპეციალური საფარის, განათების და სხვა საჭირო კონსტრუქციების გარეშეა. ორგანიზაცია ადგილობრივებთან ერთად ამ რეალობის შეცვლას ცდილობს.  მიმდინარე წლის 24 სექტემბერს მათ, სოფელ დისველის სტადიონზე ახალგაზრდებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება გამართეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი იყო მეგობრული მატჩის: „ითამაშე დისველისთვის“ ჩატარება. ბოლნისელი ახალგაზრდები დისველის ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი გვიხსნის, რომ  პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოფელ დისველის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებსაც  16 და 17 სექტემბერს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: სამოქალაქო ჩართულობის ფორმები და ადვოკატირება.

კამპანიის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მერთან.

მერისგან მიიღეს შემოთავაზება, რომ თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში ჩაერთონ. „ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი“  (BAEC) ადგილობრივებთან ერთად გადაწყვეტს, პეტიციით  მიმართოს  საკრებულოს, თუ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში ჩაერთოს.

ამასთან ერთად, ორგანიზაცია მუშაობს  ორი თემატური რადიო პოდკასტი, ერთი გადაცემის და ერთი ვიდეოკლიპის შესაქმნელად.

„ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის სოფლის სტადიონზე საფარის დაგება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მსგავსი კეთილმოწყობილი ადგილი სპორტული აქტივობებისთვის არ არსებობს და ეს ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. სოფლის მაცხოვრებლების აქტიურობის შედეგია ის, რომ სტადიონზე შევძელით ანიმაციური ფილმების ჩვენება, ფეხბურთისა და ფრენბურთის მეგობრული თამაშები. გამოვაჩინეთ რომ სტადიონი თუ კეთილმოწყობილი იქნება,  შესაძლოა, მრავალფუნქციური იყოს. ის შეიძენს სიცოცხლეს აქ, თამაშის გარდა, შეიძლება ფილმებს უყურონ და ღონისძიებები მოაწყონ“ – ირმა ზურაბაშვილი.

ბარეთის თემის  სოფლებისთვის ნარჩენების შესაგროვებლად ურნების შეძენა და თემის, ნარჩენების გატანის პროგრამაში ჩართვა – ასეთია  „წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Lag)“-ის მიერ შემუშავებული ადვოკატირების კამპანიის მიზანი.

პრობლემა ბარეთის თემში მცხოვრებ 451 ოჯახს ეხება.

Lag-მა ამ საკითხზე  უკვე ჩაატარა  ადგილობრივებთან  4 შეხვედრა  და ორი დასუფთავების აქციაც.

ამ ეტაპზე, თვითმმართველობაში გასაგზავნ წერილზე მუშაობენ, დაგეგმილია ადგილობრივების ხელმოწერების შეგროვებაც – კოლექტიური მიმართვისთვის. შემდეგ  კი გეგმავენ მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას.

Lag-ის ბორდის წევრი ნოდარ გაბაძე, საუბრობს ამ პროცესში ადგილობრივების ჩართულობასა და აქტიურობაზე:

„ თამამად შეიძლება ითქვას,  რომ აღნიშნულ თემში მცხოვრებ მოსახლეობის თითქმის მთლიან მოსახლეობას აწუხებს ეს პრობლემა, ხოლო აქტიურად დაახლოებით 60% გვიდგას გვერდში, როგორც დასუფთავების აქციაში ასევე პროექტის საბოლოო შედეგის მისაღწევად“ – ნოდარ გაბაძე.

,, ერთად გადავარჩინოთ მარტყოფის მდინარე” – ამ სახელწოდების ადვოკატირების კამპანიას აწარმოებს „ მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ . პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი და მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერი ნინო ზაზუნიშვილი ამბობს, რომ  სოფელ მარტყოფში დაბინძურებული მდინარის პრობლემის მოსაგვარებლად, ღონისძიებების ნაწილი უკვე ჩაატარეს:

„ ამ ეტაპზე, უკვე ჩავატარეთ სექტორთაშორის ვორქშოპი, სადაც ერთად დავგეგმეთ რისი გაკეთება შეგვიძლია პრობლემის, საზოგადოების დღის წესრიგში, დასაყენებლად.

დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები, უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა სკოლაში მოსწავლეებთან და მალე ჩატარდება მოსახლეობასთან. კამპანიის ფარგლებში ვაგროვებთ ისტორიებს მდინარის შესახებ, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ. ასევე ონლაინ კამპანიის ფარგლებში ვავრცელებთ ვიდეოებს, თუ რას ფიქრობენ ადგილობრივები დაბინძურებულ მდინარის შესახებ და რას ეტყოდნენ თანასოფლელებს. პროექტის ხილვადობის გასაზრდელად დავბეჭდეთ სტიკერები და ჩანთები“,- ნინო ზაზუნიშვილი.

კამპანიის ფარგლებში, ოქტომბერში  კედლის მხატვრობა და გამოფენის მოწყობა იგეგმება მდინარის დაბინძურების შესახებ. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივების ინტერესი პროექტისადმი საკმაოდ დიდია.

„ ამ პერიოდში განხორციელებული აქტივობებით ჩვენ შევძელით, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის გაგვეცნო პრობლემის რელევანტურობა და გვეჩვენებინა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც პროექტი ისახავს“, – ნინო ზაზუნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყველა ეს აქტივობა ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ხორციელდება, რომელის ფინანსური მხარდამჭერიც ევროკავშირია.

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.