„სალამ“ – საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმატების ფორმულა

თბილისში, ონიაშვილის 25/27-ში „სალამ“-ის ოფისი ის სივრცეა, სადაც ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე ზრუნავენ. ეს საქმიანობა წლებია ორგანიზაციის 59 წევრს აერთიანებს.

ერთ-ერთი თანადამფუძნებელი რაბილ ისმაილი  გვეუბნება, რომ ორგანიზაცია 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის საყრდენად იქცა.

„სალამ“-ის წევრებს მოქალაქეები თავადაც უკავშირდებიან, პრობლემებზე უყვებიან და გამოსავალს ერთად ეძებენ.

რაბილი ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავარი მისია „ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება არის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე“.

კარგად იცნობს იმ პრობლემებს, ბარიერებს, გამოწვევებს, რის წინაშეც რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დგანან. ერთ-ერთი მათგანი, ხარისხიან განათლებაზე წვდომაა.

„სალამ“-ი წლებია ამ საკითხზე მუშაობს. არაერთი საინფორმაციო შეხვედრის, კამპანიის, სახელისუფლებო სტრუქტურებთან კომუნიკაციის შედეგად – ბოლნისის მუნიციპალიტეტში  უკვე ორი საბავშვო ბაღი შენდება. რაბილის თქმით, დმანისსა და ბოლნისში სკოლამდელი დაწესებულების არარსებობის გამო, ეთნიკურ უმცირესობებს არაერთი პრობლემა აქვთ.

2020 წელს, კოვიდპანდემიის დროს ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად ჩავიდნენ სოფლებში და მათ მიაწოდეს ინფორმაცია 300 ლარიან დახმარების პაკეტზე, რომელსაც სახელმწიფო თვითდასაქმებულებს სთავაზობდა. შედეგად 400-მდე ადამიანმა კუთვნილი  თანხის მიღება შეძლო.

„ გვარი დამიბრუნე “ ერთ-ერთი ის კამპანიაა, რომელზეც ორგანიზაციის დამფუძნებლები გვიყვებიან. იმისთვის, რომ აზერბაიჯანულ გვარებს რუსული დაბოლოება „ოვი“ ჩამოშორებოდა, მათ 27 ათასი ხელმოწერა მოაგროვეს და წარუდგინეს პარლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მათგან 3 800 გააბათილა, შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. რაბილ ისმაილს  ამ საქმის გაგრძელებად მიაჩნია ის, რომ უკვე ორი წელია ქვეყანაში ისტორიული გვარების აღდგენის პროექტი ხორციელდება.

„სალამმა“ ხელმოწერების ნაწილის გაბათილების გამო, პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ორგანიზაციის, ასევე, ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია აითაჯ ხალილი. იმ პროექტებზე გვიყვება, რომელიც მისი ჩართულობით განხორციელდა.

შშმ პირებთან და მათ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოსმენა და ორგანიზაციის  ძალებით მოგვარება  – აითაჯისთვის კარგად ნაცნობი საქმეა.

2021 წელს გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისსა და საგარეჯოში „სალამმა“ შშმ პირთა ალიანსები ჩამოაყალიბა. აითაჯი თავის თანაგუნდელებთან ერთად შშმ პირებს სხვადასხვა სერვისებზე ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ასევე ხელს უწყობს სოციალურ სერვისებზე წვდომის გაზრდას. ამ საქმეშია ჩართული, ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ბენიამინ კასიმოღლუ. წლებია, ერთ-ერთი შშმ პირს საჭირო მედიკამენტებს, რომელიც მას უფასოდ ეკუთვნის, თბილისიდან თვითონ აწვდის, რათა მან ტრანსპორტირებაში დრო და რესურსი არ დახარჯოს.

„სალამ“-მა არსებობის 4 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი და კამპანია განახორციელა.

კამპანია „აჩუქე წიგნი“, „მასწავლე ქართული უფასოდ“, 1 წლის განმავლობაში 25 სოფლის საჭიროებების მერიამდე მიტანა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში სკოლის მშენებლობის დაწყება, სოფელ კიროვასთვის ძველი სახელწოდების „მამეი“- ს დაბრუნება – ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რაც „სალამმა“ შეძლო.

არასამთავრობო ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში უკვე თავისი ნიშა აქვს. თანადამფუძნებელი რაბილი „სალამ“-ს უკონკურენტოს უწოდებს.

ინტერვიუს დასასრულს, უკვე გასასვლელთან მდგარს,  მეუბნებიან რომ კარებთან დადებული რამდენიმე სავსე პარკის დანახვა არ გამიკვირდეს –  ეს ის ჰუმანიტარული დახმარებაა, რომელიც „სალამ“-მა თურქეთში მიწისძვრის დროს დაზარალებულებს შეუგროვა. თავად, ხუმრობით „სალამ“-ს უკვე გლობალურ ორგანიზაციას უწოდებს და ახალი გამოწვევების დაძლევისთვის ემზადებიან.

 

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.