ნაზარლოს სათემო ცენტრი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 2018 წლიდან სათემო ცენტრი ფუნქციონირებს. მისი დაფუძნება ამავე სოფლის სკოლის მასწავლებელს  ნუბარ ბაირამოვას ინიციატივას უკავშირდება. ნუბარის სურვილი, სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყო,  უფრო დიდ ინიციატივად იქცა და „ნაზარლოს სათემო ცენტრი“-ც შეიქმნა.

„ სხვა მიზნით დავიწყეთ და სხვა მიზნით წავედით“ –  იხსენებს ნუბარი. მან ნაზარლოს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ბიბლიოთეკის მოწყობის იდეაც მაშინ გაჩნდა, თუმცა ეს საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეში მაშინ ვერ მოხერხდა.

ნუბარ ბაირამოვამ  ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების და სტუდენტების დახმარებით ბიბლიოთეკა  სოფლის ცენტრში  გახსნა – ყოფილი მაღაზიის შენობაში.

ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ეროვნული ბიბლიოთეკის, აზერბაიჯანის საელჩოს, ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი  სტუდენტების დახმარებით,  დღეს  ადგილზე რამდენიმე ასეული წიგნია ხელმისაწვდომი.  მათ შორის გარკვეული ნაწილი თავად ნუბარ ბაირამოვას საოჯახო ბიბლიოთეკიდანაა. ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვან წიგნებს ნაზარლოში მკითხველი უკვე ჰყავს.

ნუბარ ბაირამოვა იმ სირთულეზეც საუბრობს, რამაც  ცენტრის მუშაობის დაწყებისთანავე იჩინა თავი.

„ სოფლის ნდობის მოპოვება ცოტა გამიჭირდა. ერთი წელი ფარდა არ გვეკიდა, რადგან ყველას ენახა, თუ რას ვაკეთებდით“ – იხსენებს ნუბარი.

„ნაზარლოს სათემო ცენტრი“-ს დანიშნულება ნელ-ნელა ადგილობრივებმაც გაიგეს, მოიწონეს და საქმიანობაც უფრო მრავალფეროვანი გახდა.

„ ჩვენი სათემო ცენტრის მისიაა არაქართულენოვან ახალგაზრდებს ასწავლოს ქართული ენა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული. ასევე, იყოს თემის სამსახურში, რათა თემმა შეძლოს ინტეგრაცია საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხთან. ჩვენი მიზანია სამშობლოს სიყვარული, ინტეგრაცია და ერთობა“,- ამბობს  ცენტრის ხელმძღვანელი ნუბარ ბაირამოვა.

სათემო ცენტრში არაფორმალური განათლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ამასთან ერთად, პასუხობენ ადგილობრივ გამოწვევებსაც.

მათი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში,  გამოიკითხა სოფელში 300-ზე მეტო ოჯახი და გაირკვა, რომ  უხარისხო დასალევი წყალი მათ ყველაზე მეტად აწუხებდათ. შემდეგ იყო შეკრება რწმუნებულთან ერთად და როგორც  ნუბარ ბაირამოვი ამბობს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე სამთავრობო უწყებების მიერ გაგრძელდა. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ  „სოფლის ნდობა“ მოიპოვეს.

„ნაზარლოს სათემო ცენტრი“-ს დამსახურებაა, როგორც გვიხსნიან, სოფელში ორჯერ გინეკოლოგის, ნევროლოგის და ოფთალმოლოგის ჩაყვანა. ამ ინიციატივის ფარგლებში, ადგილობრივებს მიეცათ უფასოდ კონსულტაცია გაეცლოთ. მათ ასევე გადაეცათ   სამედიცინო დაწესებულების  50%-იანი ვაუჩერები.

ცენტრის ხელმძღვანელი  პანდემიის პერიოდზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ რთულ დროს აქტიურობა არ შეუწყვეტიათ. ადგილობრივებს  სხვადასხვა განცხადებების, ცნობების თარგმნაში და კლინიკაში ადგილების დაჯავშნაში ეხმარებოდნენ.

ნუბარ ბაირამოვა ამბობს, რომ ცენტრში 50-მდე წევრია. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.  ისინი ერთად მსჯელობენ, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს და წერენ პროექტებს. ცენტრმა

ასევე, მონაწილეობა მიიღეს „ორბელიანი საქართველოსთვის“ მიერ გამოცხადებულ პროექტში „განათლება ყველასთვის“ და გაიმარჯვეს. შეიძინეს ახალი წიგნები.

ერთ-ერთი პროექტი კი დაიწერა ეკოლოგიაზე, რამაც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები გააერთიანა. „კავკასიურ სახლთან“ ერთად განხორციელებულ  პროექტში მთელი სოფელი ჩაერთო  – დაალაგეს სკოლა, დარგეს ხეები.

ცენტრში ხშირად ტარდება ტრენინგები. მოწვეული სპიკერები ადგილობრივებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ესაუბრებიან, იმართება დისკუსიდისკუსიები. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ.

დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები დეზინფორმაციის, ინფორმაციის წყაროებთან მუშაობის და ინტერნეტის სასარგებლოდ გამოყენების მიმართულებით. ასევე, ზრუნავენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. აბიტურიენტები კი ნუბარ ბაირამოვას სექტემბრის თვეში უნივერსიტეტებში  მიჰყავს, რათა მათ იქ, არსებული გარემო გააცნოს. ეს მათ არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

„ნაზარლოს სათემო ცენტრმა“ მისი  წევრების  ყოველდღიურობაზე დადებითი გავლენა იქონია.  ამაზე ისინი თავად საუბრობენ:

„ჩვენმა სათემო ცენტრმა ჩემში ყველაფერი შეიცვალა.  მშურდა სხვა ქალაქებს, სოფლებს რომ ჰქონდათ  ცენტრი  და ჩვენ არ გვქონდა. ეხლა მეც ვამაყობ, რომ ჩვენც გვაქვს ცენტრი. მისი არსებობა ნიშნავს რომ ახალგაზრდებს აქვთ საერთო ინტერესები. ამ ინტერესების ირგვლივ იკრიბებიან და რაღაცას აკეთებენ. მე, როგორც მასწავლებელი მაქვს იმედი, რომ ჩვენი სოფლის ახალგაზრდებიც იქნებიან აქტიურები და შეცვლიან მომავალი თაობის გზას. ცენტრში ტარდება ბევრი ტრენინგი, არის უფასო კურსები, ზოგჯერ ჩამოდიან ექიმები და უფასო კონსულტაციებს ატარებენ“, –  გულბახარ გასუმოვა.

„ ცენტრში რაღაც ახალს ვსწავლობთ და უფრო ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი.  ვიღებთ განათლებას, ვსწავლობთ მეგობრობას, სოციალიზაციას და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს დღევანდელ  და მომავალ ცხოვრებაში. ეს გვაიძულებს უკეთ ვიფიქროთ ჩვენს მომავალ გადაწყვეტილებებზე“,-   სურაია იმრჰომოვა.

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.