კანონპროექტი „უცხოური გავლენების აგენტი“ – ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების შეფასება

ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ეხმაურება კანონპროექტს: „უცხოური გავლენების აგენტი.“

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, მისი დამტკიცების შემთხვევაში დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

 ზაურ ხალილოვი “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი” 

„რუსეთში, მსგავსმა კანონმა გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება. თუ ჩვენი ქვეყანაც მიისწრაფის ამისკენ, რომ შეუზღუდოს სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მუშაობა, ამ გზით, არ მისცეს საშუალება სოციალური, სამართლებრივი და  ეკონომიკური პროექტების განხორციელების, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს ქვეყანას. ბოლო 30 წელია საქართველოში, არა ერთი, მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის გავლით. ამას არ აქვს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და ჩვენს სწრაფვასთან, რაც კონსტიტუციაშიც გვიწერია და არის ევროპული ოჯახის წევრობა.

ასევე, სულ მინიმუმ უხერხულია ადამიანს აიძულო დაირქვას „აგენტი“ როდესაც ის თავისი საქმიანობით, წლებია, პასუხობს ქვეყნის საჭიროებებს“- ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

 

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა

„არაერთი ქვეყნის მაგალითი ვიცით მსგავსი კანონის ზეგავლენით, როგორ დასუსტდა საზოგადოებრივი ჩართულობა, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია,  ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური განვითარება. ეს კანონი არის ღია ბრძოლა საზოგადოებრივი სექტორის წინააღმდეგ, პირდაპირი შეტევაა. დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი „კანონიერად“ მოხდება. ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან უხერხულია, თუმცა სიტყვა „აგენტი“, ჩემთვის წარმოუდგენელია. საზოგადოების დაყოფა და ერთმანეთის შორის სიძულვილის გაზრდა. სად გაქრება ჩვენი უმაღლესი კანონით გარანტირებული უფლებები?!

საქართველო. 1991 წელს დამოუკიდებელი ქვეყანა რომ გახდა, რა თქმა უნდა,  ქვეყნის მშენებლობა საჭირო იყო. ამ წლების განმავლობაში გინდა სამთავრობო, გინდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით არაერთი საქმე გაკეთდა. გაიზარდა ეკონომიკური კეთილდღეობა, გაიზარდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და ქვეყანა მთლიანობაში ფეხზე დადგა. ათასობით სკოლის, ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია მოხდა. ასევე რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რამაც წამყვანი ქვეყნების გვერდით დაგვაყენა. დღეს სამინისტროს თითქმის ყველა უწყებაში განხორციელებული ცვლილება უცხოური გრანტებით მოხდა. რაც მთავარია ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები ამაყი ვიყავით ჩვენ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, ცვლილებით რასაც მივაღწიეთ  სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების დახმარებით. ახლა კი ჩვენი ქვეყანა უკვე ნელ-ნელა იშლება, იშლება ყოველ დღე“, – უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა.

გულიკო შოშიტაშვილი „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“

“ ე.წ. აგენტების კანონპროექტი იმ კამპანიის ნაწილი და ლოგიკური გაგრძელება მგონია, რაც უკვე წლებია სახელმწიფოს მიერ (ყველა მმართველობის პირობებში) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარეობს მისი დაკნინებისა და მარგინალიზების მიზნით და რეალურ ნიადაგს ქმნის მათი მუშაობის აკრძალვისთვის. ეს კანონი, თუკი ამ სახით იქნება მიღებული, ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელსაც დღეს აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობა გამოთქვას კრიტიკული აზრი, არსებობის შესაძლებლობას მოუსპობს. ვინაიდან ფინანსური დამოუკიდებლობაა ამისი მთავარი პირობა, რაც დღევანდელ საქართველოში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არის შესაძლებელი”, – გულიკო შოშიტაშვილი „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG).

 

გვანცა შიშინაშვილი  “სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი”

“არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსური და შინაარსობრივი საქმიანობის გამჭვირვალობაზე არაერთგზის აღინიშნა. თუმცა, კანონპროექტის მიღების მომხრეები ხელისუფლებაში  დაჟინებით აქცენტირებენ დაფინანსების  გამჭვირვალობის აუცილებლობაზე და ამით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ დღეს ქვეყანაში არსებობს ყველა საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ამ არასამთავრობო/მედია სექტორის  საქმიანობას კანონიერ ჩარჩოში აქცევს:

ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა მიღებული „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლითაც საქართველომ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა;

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს ბანკებს უზრუნველყონ მონიტორინგი და კონტროლი გრანტის მიმღები ორგანიზაციების  თანხების მიზნობრიობაზე.

დასავლელი დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში)  მოყვება ხელშეკრულებით გაწერილი პირობა გრანტის მიმღების მიერ  აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულების თაობაზე.

მიღებული დაფინანსებების შესახებ  ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია გრანტის მიმღები ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე. ორგანიზაციები  აწარმოებენ ფინანსურ ანგარიშგებას და ადეკლარირებენ მათ.

აქედან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებს აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობას.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების უცხოური გავლენის აგენტად შერაცხვა, დასმენის პოლიტიკის შემოღება და კანონპროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა – 25000 ლარი და ხუთწლიანი პატიმრობა) საზოგადოების ამ სექტორის დასჯას, რეპრესირებას, სტიგმატიზირებას, დისკრედიტაციას, თავისუფალი და  კრიტიკული აზრის ჩახშობას, გაჩუმებას ემსახურება.

არასამთავრობო სექტორისა და დასავლური დონორების ერთობლივმა მუშაობამ ჩვენს რეგიონში, ქვემო ქართლში,  უამრავი შესაძლებლობა გააჩინა და დასანანია, რომ საზოგადოების ფართო წრეებისთვის ამ კანონპროექტის საზიანო შედეგები არასამთავრობო  სექტორს არ სცდება. არადა რუსული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწყვლადი ჯგუფები (შშმ პირები, ბავშვები, ქალები, ხანდაზმულები,  სპეციალური საჭიროების მქონენი, უმცირესობები და ა.შ.)  რჩებიან მათ საჭიროებებზე ორიენტირებული  სერვისებისა და შესაბამისი  აქტივობების გარეშე; შესაძლებლობების მიღმა რჩებიან ახალგაზრდებიც (მათ შორის სასკოლო ასაკის) და მათთან ერთად პროფესიული ჯგუფებიც, რომელთათვისაც უამრავი მოხალისეობრივი  და გაცვლითი საგანმანათლებლო  პროგრამა შექმნა დასავლურმა დონაციებმა; აღარაფერს ვამბობ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრებსა და კამპანიებზე, რომლებიც მოქალაქეებს აძლევთ შესაძლებლობას ჰქონდეთ ინფორმაცია  უამრავი მიმართულებით და თავად ჩაებან  მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე;  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის არსებობა მით უფრო რეგიონულ დონეზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რომ  ვიცოდეთ როგორ და რაში იხარჯება ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი და თუ პასუხობს  ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, რამდენად სამართლიანად იმართება სახელმწიფო ტენდერები, გამოავლინოს კორუფციის ფაქტები,  მიუკერძოებლად დაგვანახა ყველა ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომელიც ადგილობრივ დონეზე არსებობს და უზრუნველყოს მათი ადვოკატირება შესაბამის ინსტიტუციებში.  გენდერული, პოლიტიკური თუ  ნებისმიერი სხვა ნიშნით უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი  დაგვიცვას  სასამართლოში;  ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია  იმ სიკეთეებისა, რომლებსაც ეს სექტორი ქმნის ჩვენს რეგიონში და რომელთაც  აგენტებად გამოცხადებას უპირებს ხელისუფლება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შევეცადეთ  ქვემო ქართლის რეგიონში ეფექტიანად გვემუშავა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ყველა ტიპის ძალადობის პრევენცია, გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევების წარმოება და შედეგების ადვოკატირება  ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე,  ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების წახალისება ადგილობრივ დონეზე გასააქტიურებლად,  აღარაფერს ვამბობ კამპანიური ხასიათის საგანმანათლებლო/საინფორმაციო შეხვედრებზე რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.   ამ მოძრაობისა და აქტივიზმის გარეშე განა მხოლოდ ერთი კონკრეტული არასამთავრობო თუ მედია შეწყვეტს არსებობას, არამედ რეგიონის საზოგადოება მოწყდება ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც სახელმწიფო არ და ვერ უზრუნველყოფს.  რუსული კანონპროექტის მიღება აუცილებლად გააჩერებს საზოგადოების სწრაფვას  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისკენ“, –     გვანცა შიშინაშვილი  “სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი”.

გვანცა თვალიაშვილი  ახალგაზრდული მუშაკი

კანონპროექტი, მისი დამტკიცების შემთხვევაში დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

საკითხზე შეფასებას გვიზიარებს ახალგაზრდული მუშაკი, გვანცა თვალიაშვილი.

„ეს კანონპროექტი არის დიქტატურის დამყარების გამოვლინება, ქვეყნის რეგრესი და დემოკრატიაზე უარის თქმა. აგრეთვე ყველა იმ სიკეთისა თუ შესაძლებლობის აკრძალვა, რომელიც გვაახლოებს განვითარებულ სამყაროსთან“, –  გვანცა თვალიაშვილი, ახალგაზრდული მუშაკი.

როზი დევნოზაშვილი „ნეკერი-ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია“

 „ თვითგანადგურების პროცესში ვართ. ამ კანონპროექტით სურთ ფაქტობრივად დააკანონონ ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი ჯგუფების, მედია საშუალებების საქმიანობის კონტროლი. იცით, რისი მიღწევა სურთ ამ ნაბიჯით? ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ჩვენი ხალხის, როგორც ერის განვითარება. სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის ფონზე ძალიან თვალსაჩინოა საზოგადოებრივი ჯგუფების ეფექტიანი, ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული, საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნისკენ მიმართული საქმიანობები. სწორედ ამის დასრულება სურთ.

განვითარებულ, რეალიზებულ, კრიტიკულად მოაზროვნე, სწორი ღირებულებების ერთგულ, შემოქმედებით ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, არ აწყობთ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამგვარი მოქალაქეებისგან შედგებოდეს. ძალაუფლებას დაკარგავენ და ამიტომ. მარტივია.

უცხოური გავლენის აგენტები იმიტომ ვართ, რომ თანამოაზრეები ერთად ბავშვების კეთილდღეობისთვის ყოველდღიურად ვშრომობთ?! ბაღებსა და სკოლებში ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოს შესაქმნელად გეგმაზომიერ აქტივობებს რომ ვახორციელებთ, ამიტომ?! შეკითხვები რომ გვაქვს და პრობლემების იდენტიფიცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი დახარჯული რესურსი მათი მოგვარებისკენ მივმართოთ, ამიტომ?!  ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს უცხოური გავლენის გამო ვაკეთებთ?  უცხოური ქვეყნების ინტერესია, როცა ფინანსურ მხარდაჭერას გვიცხადებენ და საქართველოს ინტერესი, არა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულად ვიცხოვროთ შემდგარ ქვეყანაში?!

მშობელთა ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ წევრი, ასევე „ნეკერი-ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციის“ თანადამფუძნებელი ვარ.  მშობელი, უპირველეს ყოვლისა, რომელსაც მსურს ჩვენი ბავშვები თავისუფალ, თანასწორ, სამართლიან, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში იზრდებოდნენ და არა ავტორიტარიზმში, შიშსა და განუკითხაობაში.

5 წლიანი არსებობის პირობებში „მშობელთა ასოციაციამ“ არაერთი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული პროექტი განახორციელა. ვცდილობთ, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობას; მშობლებში ვავრცელებთ და ვამკვიდრებთ პოზიტიური მშობლობის იდეას. შესაბამისად, ვეწინააღმდეგებით ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს.

„ნეკერი-ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია“ 6 თვეა რაც არსებობს. სახალხო დაფინანსების კამპანია „მეტი სათამაშო და წიგნი ბავშვებს“ ჩვენი პირველი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მარტში ბოლნისის 2 საბავშვო ბაღს განმავითარებელი სათამაშოები და თანამედროვე, ილუსტრირებული საბავშვო წიგნები უნდა მივაწოდოთ“, – როზი დევნოზაშვილი.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

დონაცია 

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე.