„WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის” – CENN -ის საქმიანობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა  (CENN) პროექტი სახელწოდებით  ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის”  განახორციელა.

Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით  ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში სხვადასხვა აქტივობები შესრულდა. ინიციატივის შესრულება 2019 წელს დაიწყო.

პროექტის განხორციელების ერთ-ერთი ადგილი ბოლნისის მუნიციპალიტეტი იყო. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული WaSH საბჭოს წევრები.

ბოლნისის WaSH საბჭოს წევრებმა  სოფელ ბოლნისის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც შემდეგ, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და  სოფლის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდა.

„WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში   წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WASH) მდგომარეობის შეფასება მოხდა საქართველოს 10 რეგიონის სკოლებში, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიანეთის, მუხრანას, ფარიზისა და ქვემო არქევანის სკოლაში.

პროექტი მიზნად ისახავდა წყლის მიწოდების, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობების გაუმჯობესებას საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და სოციალურად დაუცველ მრავალეთნიკური თემების ოჯახებში.

Wash საბჭოს სამუშაო პროცესი – პრობლემური ობიექტების შერჩევა რეაბილიტაციისთვის – თანამშრომლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან (2019-2020წ)

„ ბოლნისისთვისაც და ქვემო ქართლის იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც ამ პროექტების სამიზნე იყო, მნიშვნელოვანი იყო ის,  რომ წყალზე და წყლის უფლებაზე ცნობიერების ამაღლება მოხდა.  სკოლებში, ბაღებში, თავშესაფრებში, ხშირ შემთხვევაში, სანიტარულ ჰიგიენური ნორმა  დარღვეული იყო  და არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და კონკრეტულად იუნისეფის სტანდარტებს. გარდა ამისა, მოსახლეობას სასმელ წყალზე უფლება და სასმელი წყლის სარწყავად გამოყენების არარაციონალური გამოყენების პრობლემა დავანახეთ და ამაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების დონეზე, რამაც პრინციპში, საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ პროექტის დასრულებიდან 2 წელში სარწყავი არხების 40% აღდგენილია ან მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი,“ – მარიკო წიქორიძე, CENN -ის პროექტების კოორდინატორი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

 

QvemoQartli.ge