USAID-ი საქართველოსთვის – დმანისში მოქმედი შვეიცარიულ აგრარული სკოლა, როგორც ნამდვილი მეგობრობის და მხარდაჭერის მაგალითი
დღე, USAID საქართველო-ს ინიციატივით დმანისის შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში, თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია უპრეცედენტო კერძო ინიციატივაა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სექტორში. ის მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის აგრარული პროფესიული განათლებისა და საკონსულტაციო სისტემის განვითარებას.
შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი სპეციალიზირებულია მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მოკლე და გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს, ფერმერობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში. ამ მიზნით სკოლას აქვს საკუთარი სასწავლო ფერმები და ყველის ქარხანა.
USAID-ი ამ დიდი ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია.
USAID-ის ხელშეწყობით, საუკეთესო შვეიცარიული პრაქტიკა მალე ქართველი ფერმერებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის გაუმჯობესებასა და შემოსავლების ზრდას.
„ ამ სკოლასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს პროგრამას პროფესიული განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი იმ 51-ი პროგრამიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ახალგაზრდებს შეექმნათ დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა და თავიანთი პოტენციალის განხორციელების“ – მარინა ქუთათელაძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი.
სააგენტო მუშაობს საქართველოში ხუთწლიანი გეგმით, რომლის საერთო ღირებულებაც 400 მილიონამდეა.
სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების მთავარი სტუმრები, დმანისის მე-3 საჯაროს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. მათ შვეიცარიული აგრარული სკოლის წარმომადგენლებმა, დაწესებულებაში როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები გააცნეს. მოზარდებისთვის მოწყობილი ექსკურსია მოიცავდა, როგორც ფერმის საქმიანობის, ასევე, რძის პროდუქტების წარმოების სრული ციკლის გაცნობას.
თინათინ მახარაძე აღნიშნული აგრარული სკოლის დირექტორი და აქ, მთავარი მასპინძელია. გვაცნობს სკოლის ბიბლიოთეკას, სასწავლო სივრცეს, აუდიტორიებს, კამპუსს – ცდილობს, საუბრისას არც ერთი დონორი არ გამორჩეს, რომლებმაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
„სკოლას აქვს თავისი ფერმა და თავისი საწარმო – სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩართულნი იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოში. გარდა ამისა გვაქვს ასევე საერთო საცხოვრებელი, სტუდენტები ცხოვრობენ და სწავლობენ ერთ გარემოში. თვითონ პროგრამა არის აწყობილი ისე, რომ არა მხოლოდ ფერმერობა და რძის პროდუქტების წარმოება ისწავლონ, არამედ ვცდილობთ გადმოვიღოთ შვეიცარული სამუშაო კულტურა, რაც ნიშნავს დისციპლინას – დილას ხუთ საათზე მუშაობის დაწყებას და ყოველდღე ამ რუტინის გამეორებას. და იმის სწავლას, რომ ფერმერობა არ არის მარტო ძროხის მოწველა და რომ ეს ბევრად უფრო კომპლექსური და ბევრად უფრო, მრავალფეროვანი საქმეა“ – თინათინ მახარაძე, შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის დირექტორი.
სკოლამ მსურველების მიღება 2021 წლიდან დაიწყო. მათ საშუალოდ წელიწადში 15 სტუდენტი ჰყავთ. გრძელვადიან პროგრამაზე კი მაქსიმუმ 30 სტუდენტის მიღება შეუძლიათ.
გვიხსნიან, რომ ეს ერთი შეხედვით „მცირე“ რაოდენობა – სწავლების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის აუცილებელია – იმისთვის, რომ ყველა სტუდენტმა, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცოდნა სრულფასოვნად მიიღოს.
სწავლების საფასური შეადგენს წელიწადში 4 000 ლარს (სწავლება, კამპუსში ცხოვრება, კვება) და დმანისის მუნიციპალიტეტის მერია არის, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი უწყება, რომელიც თავისი რეგიონის სტუდენტებს – სკოლაში სწავლის საფასურის-ნახევარს უხდის. სკოლაში გვიხსნიან, რომ რეალურად ერთი სტუდენტის გადამზადება წელიწადში 45 000 ლარი ჯდება და ამ მნიშვნელოვანი ხარჯის დაფარვა დონორების მხარდაჭერით ხდება.
24 წლის ბერიკა გოგნაძე, სკოლის ერთ-ერთი სტუდენტია. ამბობს, რომ ფერმერობის მიმართულებით იძენს ცოდნას სკოლაში და მომავალში სრულფასოვანი ფერმერული მეურნეობის შექმნას ისახავს მიზნად. ამ დიდი მიზნის მიღწევამდე კი რაც შეიძლება მეტი ცოდნის და პრაქტიკული გამოცილების დაგროვებას სურს.
„ სკოლის არსებობის შესახებ შემთხვევით გავიგე. სოფელში მქონდა ჩემი პატარა მეურნეობა. ვერ მოვახერხე ამ მეურნეობის განვითარება და მივხვდი, რომ ამისთვის მჭირდებოდა შესაბამისი განათლება. ამიტომ დავგუგლე და პირველი ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ შემხვდა. დღეს აქ ვარ და კმაყოფილი ვარ იმ ცოდნით რასაც ვიძენ“ – სკოლის სტუდენტი, ბერიკა გოგნაძე.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი იმ ათობით პროექტიდან, რომელსაც USAID-ი საქართველოსთვის ახორციელებს.
სააგენტოს მთავარი მოტივაცია და მიზანი მათი ამ განცხადებითაც გამოიხატება: „მეგობრობა ნიშნავს საქართველოს მოსახლეობასთან ახლო თანამშრომლობას, მათი გარემოსა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად“ – USAID საქართველო.
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.
QvemoQartli.ge