TI – “შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისკენ მიმართული რეპრესიული წესები”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) შეისწავლა “ქართული ოცნების” ინფიცირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. TI ამ მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებს მიიჩნევს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისკენ მიმართულ ქმედებად:
“ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს. აღნიშნული ცვლილებები პირველი არაა მას შემდეგ, რაც საქართველოში მაშტაბური და პერმანენტული აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეთა დარბევის, უკანონო დაკავებების, წამებისა და უკანონოდ გასამართლების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე შეცვალა კანონი, რითაც აქციების მონაწილეების რეპრესიები გაამკაცრა. აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი მიმდინარე აქციების ჩახშობა და ადამიანების დაშინებაა.
რეპრესიული წესები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას იმ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით. ისინი ასახავენ ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და რეჟიმისათვის არასასურველი პირების დასჯა” – TI.
1. სოციალურ ქსელებში მთავრობის წევრების და საჯარო მოხელეების კრიტიკისთვის 60 დღიანი პატიმრობა დაგემუქრებათ
- ხულიგნობა საჯარო სივრცეში დასჯადი ხდება. არსებული პრაქტიკით საჯარო სივრცედ სოციალური მედიაც მოიაზრება. შესაბამისად, თუკი სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი წესრიგი ან მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვიეთ, პატიმრობა გემუქრებათ. მოქმედი კანონით, ხულიგნობისთვის მხოლოდ მაშინ დაისჯებით, თუ ის საზოგადოებრივ ადგილზე (მაგალითად ქუჩაში) ჩაიდინეთ;
- მკაცრდება პასუხისმგებლობა ხულიგნობისათვის. მაქსიმალური ჯარიმა 1000 ლარიდან 3000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20 დღემდე იზრდება. ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2000 დან 5000 ლარამდე და პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
2. კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ – სასჯელი გამოხატვის თავისუფლებისთვის
- პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 6000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღიანი პატიმრობით დაისჯება. შეურაცხყოფა თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
- სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის” პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4500 ლარიდან 6000 ლარამდე იზრდება. მოქმედი კანონით, დასჯადია პოლიციელის შეურაცხყოფა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ცვლილებებით კი ნებისმიერი შეურაცხყოფა და “ლანძღვა-გინება” სამართალდამცავის მისამართით, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, დასჯადი ხდება.
3. ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
- ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, იმ შემთხვევაშიც თუ მას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამ დანაშაულზე მოქმედი კანონი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.
4. აქციების მოწყობა თითქმის ყველგან იკრძალება – შეკრების ადგილების შეზღუდვა და სასჯელის გამკაცრება
- იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობაში აქციის ჩატარება, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე
- იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
- აქციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღდგენის შესახებ მერიების ნაცვლად გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს.
- ტრანსპორტის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნასთან ერთად დასჯადი ხდება აქციის მონაწილეების მიერ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა.
- შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის მინიმალური ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
5. პოლიციას შეუძლია მოწმის გარეშე განახორციელოს პირადი გასინჯვა
- პირადი გასინჯვის დროს მოწმის დასწრების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს. მოქმედი კანონით გასასინჯი პირს უფლება აქვს მოითხოვოს გასინჯვისას ორი პირის დასწრება. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. ცვლილებებით ეს გარანტიები უქმდება და გასინჯვა შესაძლოა ჩატარდეს ერთი დამსწრის თანდასწრებით, ისიც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში.
6. აქციის დროს ვერც კარავს გაშლით და ვერც სცენას მოაწყობთ
- იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციის (მაგ. კარავის გაშლა, სცენა) მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება პროტესტი ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
7. აქციის ორგანიზატორად არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ორგანიზებაში სხვაგვარად ჩართული პირიც ჩაითვლება
- იცვლება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორის განმარტება და ასეთად მიიჩნევა მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს აქციის ჩატარებას;
- თუკი შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა შეიტანოს პასუხისმგებელმა პირმა/აქციის ორგანიზატორმა.
8. გაფრთხილების გარეშე სპონტანურად შეკრება კანონის დარღვევად ჩაითვლება
- თუ შეკრება ან მანიფესტაცია, დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო, აქციის ორგანიზატორებს მაინც აქვთ ვალდებულება გააფრთხილონ მუნიციპალიტეტი. ეს წესი მოქმედებს მაშინ, თუკი აქცია ტრანსპორტის სავალ ადგილზე იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
9. პოლიტიკური თანამდებობის პირზე მუქარისათვის შესაძლოა 6 წლით დაგაპატიმრონ
- პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენის შემთხვევაში კი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება;
” წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა ფაქტიურად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ,” – TI.
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.
კოსი წერს, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქალაქეთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ძირს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის.
“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივისცემის შესაბამისად“, – მარტა კოსი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით კი მათ 5 თებერვალს ეუთო/ოდირს მიმართეს და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვეს “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნება” გეგმავს, დაჩქარებული წესით განიხილოს და შეცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი.
“მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
QvemoQartli.ge