SDG – ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ქვემო ქართლში
2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.
მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი 2030 წლამდე შესრულდეს.
იმისთვის, რომ ამ პროცესში საქართველო აქტიურად ჩართულიყო, ორგანიზაცია CENN-მა გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ განახორციელა.
პროექტს ოთხი ძირითადი მიზანი ჰქონდა:
- მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის გაგრძელების მხარდაჭერა;
- მრავალდარგობრივი თემატური სამუშაო ჯგუფის წევრების შესაძლებლობების გაზრდა;
- მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;
- საქართველოს რეგიონებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა საქართველოს მასშტაბით 5 თვითმმართველ ქალაქში მიმდინარეობდა, მათ შორის რუსთავში.
რეგიონებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის მნიშვნელობაზე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კამპანიები მოიცავდა თემატურ ვორქშოფებს ახალგაზრდებისათვის და სხვადასხვა ადგილობრივ აქტორებთან (მუნიციპალიტეტის მერია, სამოქალაქო სექტორი, მედია, აკადემიური ინსტიტუტები, ბიზნეს სექტორი) ერთობლივ შეხვედრებს.
პროექტის ფარგლებში CENN -მა რუსთავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა აქტივობები გამართა, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ადგილობრივ დონეზე დანერგვის შესაძლებლობებზე.
„ ეს პროექტი 5 დიდ თვითმმართველ ქალაქში განხორციელდა. მათ შორის იყო რუსთავიც. მთავარი იყო ის, რომ თვითმმართველ ქალაქებამდე მიგვეტანა ინფორმაცია რათა მათ შეძლებოდათ შემდგომ მუნიციპალიტეტების დონეზე გაეტანათ დანერგილი პრაქტიკა. ეჩვენებინათ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის აღქმა მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში იმისათვის, რომ ქვეყანას შეესრულებინა ამ მხრივ აღებული ამოცანების ვალდებულება“ – მარიკო წიქორიძე, CENN -ის პროექტების კოორდინატორი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
პროექტი მიმართული იყო საქართველოში SDG საბჭოს სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფების, მუნიციპალიტეტებისა და არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რითიც ხელი უნდა შეეწყო ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
„ პროექტი დაეხმარა საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მიზნების სამდივნოს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში. ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პროცესის და მნიშვნელოვანი მრავალმხრივი დიალოგის უზრუნველყოფამ საწყისი მისცა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, განაგრძო SDG-ის ლოკალიზაცია და ახალი ამოცანების ნაციონალიზაცია“ – CENN.
პროექტი „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. ფინანსურ მხარდაჭერა კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით გაუწია.
QvemoQartli.ge