QvemoQartli.ge-ს და გარდაბნელი ახალგაზრდების მეგობრობა
People in Need-ის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის მედიამ QvemoQartli.ge-იმ გარდაბნელი ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების პროექტი განახორციელა. ორგანიზაციას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში პარტნიორობა, “ნაზარლოს სათემო ცენტრმა” გაუწია.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნუბარ ბაირამოვას ძალისხმევით, პროექტში გარდაბნის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთვნენ. ღონისძიების ფასილიტატორები იყვნენ: აინურა ალიევა და მანონ ბოკუჩავა.
ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდებმა მედიაწიგნიერების შესახებ, შვიდი დოკუმენტური ფილმი განხილეს და იმსჯელეს დეზინფორმაციასთან გამკლავების გზებზე. აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, ქვემო ქართლის მედიამ როგორც ახალგაზრდა ავტორებს, თანამშრომლობა შესთავაზა კურსის რამდენიმე მონაწილეს. მათ ნამუშევრებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
აქტივობა განხორციელდა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
ახალგაზრდებთან მუშაობა ხდებოდა OWIS-ის საგანმანათლებლო პროგრამის გამოყენებით.
ეს პროგრამა (One World in Schools) მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (სლოვაკეთი, პოლონეთი, ესტონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გერმანია, ლიბანი, სომხეთი) ხორციელდება. მეთოდოლოგია ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი მსოფლიო სკოლებში,“ რომელიც ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2003, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან მიმდინარეობს.
პროგრამა ითვალისწინებს ადამიანის უფლებების და მედიაწიგნიერების სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს მეთოდოლოგია იმითაა უნიკალური, რომ ახალგაზრდებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარს, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემაზე.
QvemoQartli.ge