QvemoQartli.ge-ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისთვის, 19 აპრილს, მარნეულის მერიაში სხდომა ჩატარდება

მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, QvemoQartli.ge უშედეგოდ ცდილობს, მარნეულის მერიისგან მიიღოს ინფორმაცია, მათი შიდა აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაცია ითხოვს მოგვაწოდონ საჯარო ინფორმაცია მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წელს, მომზადებული დასკვნების/ანგარიშების და რეკომენდაციების შესახებ.

უპასუხოდ დატოვებული წერილების შემდეგ, „ ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მარნეულის მერიას.

საჩივრის განხილვისთვის, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა,  ბრძანება ბ32. 322309716 გამოსცა, რომლის თანახმადაც, საჩივრის განხილვის დღე (19 აპრილი) და სხდომის წევრების ვინაობა განისაზღვრა. სხდომას მარნეულის მერიის მხრიდან დაესწრებიან:

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ბექა გავაშელი; მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ხათუნა მეტრეველი-ჯიქურაშვილი; მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ინგა აბრამიშვილი; მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – კახაბერ ქველაძე.

სხდომის ჩანიშნვის შესახებ, შეტყობინება მარნეულის მერიამ, 11 აპრილს გამოაგზავნა.

ორგანიზაცია გეგმავს მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და საჯარო ინფორმაციის მისაღებად, არსებული ყველა საკანონმდებლო რესურსი გამოიყენოს.

QvemoQartli.ge-ს ამ პროცესში, სამართლებრივ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქვემო ქართლის ოფისი უწევს.