Qvemoqartli.ge-მ მარნეულის მერიას სასამართლო დავა მოუგო
ქვემო ქართლის მედიამ Qvemoqartli.ge-მ, მარნეულის მერიას სასამართლო დავა მოუგო. ორგანიზაცია თვითმმართველობისგან მოითხოვდა, შიდა აუდიტის დასკვნების/ანგარიშების გასაჯაროებას. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, სადაც აღნიშნული საქმე განიხილებოდა, სრულად დააკმაყოფილა რეგიონული მედიის მოთხოვნა. საქმის მოსამართლე გახლდათ, ნინო გიორგაძე.
ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი იცავდა. საქმეზე ადვოკატი ნანა ტყაბლაძე მუშაობდა.
აქვე ინფორმაციისთვის, Qvemoqartli.ge, შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროების მოთხოვნით სასამართლო დავას აწარმოებს, ასევე რუსთავის და გარდაბნის მერიების წინააღმდეგ.
მერიის შიდა აუდიტის ანგარიშების საჯაროობის საკითხზე, რეკომენდაციები გასცა საქართველოს სახალხო დამცველმაც. რეკომენდაციის თანახმად, მსგავსი ტიპის დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მედიისთვის, მასზე წვდომაზე ხელის შეშლით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.
ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა შემდგომ ინსტანციაში გადაწყვეტილებას მარნეულის მერია.
Qvemoqartli.ge ელის თვითმმართველობისგან შიდა აუდიტის ანგარიშებს/დასკვნებს.