QvemoQartli.ge – „აგენტების“ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს
ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge ე.წ. აგენტების რეესტრში თავისი ნებით არ დარეგისტრირდება.
ჩვენ ვართ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი მოსარჩელე. ამასთან ერთად ვართ, ასევე მოსარჩელე მხარე „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ აღნიშნული დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.
ორგანიზაცია არ გეგმავს ასევე თვით ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას.
ჩვენ ხელს შევუწყოთ ხელისუფლებას თავად გამოააშკარაოს „რუსული კანონი“ – აჩვენოს საზოგადოებას, როგორ ჩაგრავს ის კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს და როგორ ართმევს მათ გაერთიანების და საზოგადოებრივი საქმის, ერთად კეთების, შესაძლებლობას.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს თანამშრომლობას იმ პარტნიორებთანაც, რომლებიც იძულებულნი გახდნენ რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ. ამ ადამიანებთან ნდობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის წლები გვაკავშირებს.
ჩვენი გაჩუმების მსურველებს კი შევახსენებთ, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკას ლეპტოპების და ვიდეოკამერის გარეშეც შეუძლია ემსახუროს საზოგადოებას. ჩვენი აუდიტორია არ დარჩება ობიექტური ინფორმაციის გარეშე.