PACE-მ დროებით ცნო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება

PACE-მ 114 ხმით 13 წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული დემოკრატიული უკუსვლის გამო და გმობს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობას.

რეზოლუციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად, მიმდინარე სესიაზე ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, 2025 წლის აპრილში ხელახალი განხილვის პირობით და, ამავდროულად, მოითხოვა:

  • ინკლუზიური პროცესის დაწყება ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების სასწრაფოდ აღმოფხვრის და საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებულ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ახალი არჩევნებს;
  • პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; ამ პრაქტიკის ეფექტურად გამოძიება და მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენების დასრულება; გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრულ პატივისცემას;
  • ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის პროცესის განსაახლებლად და რეფორმების გატარება;
  • უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება;
  • ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება 2025 წლის აპრილის სესიამდე.

ასამბლეამ შეაჩერა ქართული დელეგაციის შემდეგი უფლებები:

  • პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტის, მონიტორინგის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტისა და პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის სრულფასოვანი წევრობა;
  • არჩევნებზე დამკვირვებელი კომიტეტის წევრობა;
  • მომხსენებლად დანიშვნა;
  • ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატობა;
  • ასამბლეის წარმოდგენა ევროპის საბჭოს ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე;
  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებულ რწმუნებათა სიგელების შესახებ რეზოლუციის პროექტს თან ახლავს მომხსენებლის, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას განმარტებითი მემორანდუმის ორი ვარიანტი: ერთი ითვალისწინებს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების პირობებით ცნობას, მეორე კი- არცნობას. ცვლილებები შეიძლება შევიდეს რეზოლუციის პროექტშიც.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეას შესაძლებლობა ექნება, გადახედოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს 2025 წლის აპრილის სესიაზე, რეზოლუციაში ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებული პროგრესის შესაბამისად.