Kazretipress – მოსწავლეების შექმნილი მედია დაბა კაზრეთში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  დაბა კაზრეთში მოსწავლეების მიერ დაფუძნებული ვებგვერდი „კაზრეთიპრეს“ მუშაობს. ჟურნალისტებიც, ოპერატორებიც და ვებგვერდის დიზაინერებიც, სწორედ, ისინი არიან. კაზრეთის N1 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე  თავის აუდიტორიას სკოლის, დაბის, რეგიონის ამბებს მიმდინარე წლის იანვრიდან აქტიურად  უყვება.

მათი ოფისი სკოლაში გამოყოფილი ერთი ოთახია. გუნდის წევრებმა, ისიც საკუთარი რესურსებით, მოაწყვეს და მედიასივრცეში  დიდი ენთუზიაზმით შემოვიდნენ.

„კაზრეთიპრესის“ შექმნის იდეა, ამავე სკოლის მასწავლებელს, ჟურნალისტს ნინო მელიქიშვილს ეკუთვნის. ნინოზე, აქვე, სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ ის ჩვენი ორგანიზაციის ყოფილი ჟურნალისტია.

მისი თქმით, ადგილზე მედიის დაფუძნების საჭიროება მაშინ დაინახა, როდესაც მოსწავლეებში აქტიურობა,  დაინტერესება, რაიმე ღირებულის გაკეთების სურვილი აღმოაჩინა.  მედიაორგანიზაციის საქმიანობაში  მისი ჩართულობა  დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ნინო მრჩეველთა საბჭოშია და მას „კაზრეთიპრესის“ ჟურნალისტები დღეს რჩევის მისაღებად მიმართავენ, მხოლოდ.

13-17 წლის მოსწავლეები მულტიმედიურ უნარებს ფლობენ.  ვებგვერდის მისია, ხედვაც თავად ჩამოაყალიბეს და აუდიტორიის გაფართოებაზეც ზრუნავენ.

„მთავარი მისია არის დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდონ ქვემო ქართლის აუდიტორიას“- საუბრობს ნინო მელიქიშვილი.

კაზრეთიპრესის 11 ჟურნალისტიდან 5 რედაქტორობასაც ითავსებს. მასალები ინგლისურ ენაზეც იდება. ვებგვერდიდან გაიგებთ როგორც კაზრეთის სკოლაში გამართული ღონისძიებების შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ თუ განხორციელებულ პროექტებზე. მაგალითად, ერთ-ერთი ინფორმაცია ეხება კაზრეთში ბაღის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას. ასევე, მათ გააშუქეს შეხვედრა ბოლნისის მერთან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისში. წერენ ინტერვიუებს თავიანთ თანატოლებთან, წერენ სხვადასხვა თემებზე და იღებენ ვიდეოებს.

ნინო მელიქიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ  მოსწავლეებს სურთ აქტიურად ჩაერთონ როგორც თავიანთი დაბის, ასევე რეგიონის საქმიანობაში და იყვნენ სასარგებლონი  საზოგადოებისთვის. მუშაობენ   სხვა სკოლებთან მემორანდუმის გაფორმებაზეც და ცდილობენ ფრილანსერი ჟურნალისტების მოძიებას.

„უფროსები ხშირად უგულებელვყოფთ ბავშვების ნათქვამს, არასერიოზულად მივიჩნევთ. Kazretipressზე ბავშვები არამხოლოდ თავად ამბობენ სათქმელს, არამედ სხვა ბავშვებსაც აძლევენ აზრის გამოთქმის შესაძლებლობას“,- ნინო მელიქიშვილი.

„კაზრეთიპრესის“ ჟურნალისტებს უკვე მოუწიათ სხვადასხვა გამოწვევებთან შეჭიდება. რესურსების ნაკლებობა ერთ-ერთი მათგანია, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარი ძალებით მაქსიმუმის მიღწევას ცდილობენ.

ნინო მელიქიშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს, რისი გადალახვაც მათ ყოველდღიურად უწევთ:

Kazretipress- უპირველესად საკუთარი იდეოლოგისთვის ბრძოლას გვაჩვევს. ჯერ სულ პატარები ვართ და ბავშვებს უკვე მოუწიათ ისეთ სირთულეებთან შეჭიდება, როგორიცაა გავლენებისაგან გათავისუფლება, რესურსებისთვის ბრძოლა, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება. ყველა ჩვენგანი მოხალისეა და ბავშვები აცნობიერებენ, რომ სწორედ მოხალისეებზე დგას სამყარო, რომ ჩართულობა თემის განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანესი ასპექტია.“

მოსწავლეების დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობა ცნობილი დაბა კაზრეთსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის. მათი მედიაპროდუქტი სასკოლო ასაკის და უფროსი ადამიანებისთვისაც საინტერესოა. აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ  გადაცემების გაკეთებაც შეძლონ. ასევე,  სურთ დაუკავშირდნენ თანატოლებს უცხოეთში.

ავტორი: გურანდა ფუტკარაია

აზერბაიჯანული თარგმანი: ჩიჩაკ გუსეინოვა

ინგლისური თარგმანი: თამარ ჩერქეზიშვილი

სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.