factcheck.ge – პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სტატიის ავტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას იმ მიზეზებით ამართლებს, რასაც კრემლი და მისი საინფორმაციო საშუალებები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აქტიურად ავრცელებდნენ.
მტკიცება: უკრაინა 8 წლის განმავლობაში დონბასის მაცხოვრებლებს გენოციდს უწყობდა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ხიდირბეგიშვილი სტატიაში წერს: „ბანდერელმა პოლიცაებმა 8 წლის განმავლობაში დონბასის 14 ათასი მაცხოვრებელი გაანადგურეს, ცოცხლად დაწვეს 50 ადამიანი ოდესის პროფკავშირთა სახლში! „დონბასის ბავშვებისთვის“ – წერდნენ ისინი ჭურვებზე, აშიშვლებდნენ და აჩოქებდნენ მართლმადიდებელ მღვდლებს, აუმხედრდნენ იესო ქრისტეს და შექმნეს სეკტა – „ახალი უკრაინული ეკლესია“!
უკრაინის გენოციდში დადანაშაულება სიახლეს არ წარმოადგენს. კრემლი აღნიშნულ გზავნილს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად სისტემურად იყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“.
გენოციდის შესახებ ამავე შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 2022 წლის 18 თებერვალს გააკეთა: „სიტუაცია [დონბასში] გენოციდს არ ჰგავს. არა, ეს არ ჰგავს გენოციდს…ეს არის გენოციდი…“
სინამდვილეში, დონბასის რეგიონში გენოციდის დამადასტურებელი ფაქტები რუსეთს არც ერთ საერთაშორისო ფორმატში (გაერო, ეუთო, საერთაშორისო სასამართლოები, სხვ.) არ წარმოუდგენია. გაერო-ს მიერ შემუშავებული განმარტების მიხედვით, გენოციდი არის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ან მთელი ხალხის განადგურება პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური ან რელიგიური მიზეზების გამო. გენოციდად ითვლება არა მხოლოდ მკვლელობა, არამედ ასეთი ჯგუფის წევრებისთვის სხეულის მძიმე ან ფსიქიკური ზიანის მიყენება, ასეთ ჯგუფში შობადობის განზრახი შეზღუდვა, ბავშვების იძულებით გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში. ამ ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისთვის გათვლილი საცხოვრებელი პირობების შექმნა.
არც ერთი ფაქტი არ ადასტურებს ან მიუთითებს, რომ დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებები გენოციდი იყო. იმისთვის, რომ მომხდარი გენოციდად ჩაითვალოს, აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულება, რომ მთავრობას ან ჯგუფს, რომელსაც ბრალი ედება გენოციდში, აქვს მოსახლეობის მასობრივი განადგურების განზრახვა. რუსეთს არასოდეს დაუმტკიცებია, რომ უკრაინას ეს განზრახვა ამოძრავებდა.
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ომის დაწყების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7000-მდე დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან, კონფლიქტის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებები კონფლიქტის ყველა მონაწილემ დაარღვია, არ არსებობს საფუძველი უკრაინის ხელისუფლება ან მისი შეიარაღებული ძალები გენოციდში დაადანაშაულონ. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მოსკოვის ბრალდებას დაადასტურებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის სხვადასხვა მოხსენებებში აღწერილია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა დარღვევის ფაქტი, რაც დონბასში მოხდა. თუმცა ეს დარღვევები ძალიან შორს არის გენოციდისგან. ამავდროულად, ამ მოხსენებებში ნათლად ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული ძალები არიან და არა უკრაინული მხარე.
საერთაშორისო ორგანიზაციები დონბასში მომხდარს გენოციდად არ აფასებენ. 23 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარება არ არის გენოციდი. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელიც გენოციდად არ მიიჩნევს იმას, რაც დონბასში ხდება. ჟურნალისტის საპასუხოდ, ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ, თქვა, რომ „ეს არის ის, რასაც ბაშარ ალ-ასადი სირიაში აკეთებს, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა. დონბასში მსგავსი არაფერი მომხდარა“. პუტინის შეფასებას დონბასში გენოციდის შესახებ ასევე არ ეთანხმება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 2022 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას შოლცმა პუტინის მხრიდან უკრაინის გენოციდში დადანაშაულებას „სასაცილო“ უწოდა.
ის ფაქტი, რომ პუტინი და კრემლი ნამდვილად ვერ ამტკიცებენ, რომ დონბასში გენოციდი მოხდა, იმითაც დასტურდება, რომ რუსეთს გაერო-ს გენოციდის პრევენციის ოფისისთვის ან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტისთვის ოფიციალურად არასდროს მიუმართავს.
კრემლი გენოციდს, როგორც სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის საბაბს, ან როგორც საზღვარგარეთ სამხედრო ძალების გამოყენების მიზეზს, დიდი ხანია იყენებს. რუსეთმა გენოციდის ბრალდება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსაჭრელადაც გამოიყენა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით რუსეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ კონფლიქტის პერიოდში ცხინვალის რეგიონში 162 ადამიანი დაიღუპა და არა ათასობით, რასაც კრემლისტური პროპაგანდა ამტკიცებდა.
გარდა გენოციდის ბრალდებისა, რუსეთის ხელისუფლება და პრორუსული ძალები უკრაინას ნაციზმშიც დებენ ბრალს. ხიდირბეგიშვილი წერს, რომ უკრაინაში ნეოფაშისტური რეჟიმია, რისგანაც ის პუტინმა უნდა გაათავისუფლოს.
კრემლის მტკიცება, რომ უკრაინელები ნაცისტები არიან, აბსურდულია. ერთადერთი, ვინც უკრაინის ხელისუფლებას ნაციზმში სდებს ბრალს, რუსეთია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობები ან ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა.
ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტები არ არიან და ეს კრემლის პროპაგანდისტული გზავნილია, არაერთი ფაქტით მტკიცდება. უკრაინისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა საერთაშორისო საზოგადოებამ. განსაკუთრებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2 მარტის სხდომა, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ მიიღეს რეზოლუცია. რეზოლუცია, სახელწოდებით – „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავის ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“ მასში დაგმობილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. გამოხატულია ღრმა შეშფოთება სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმებისა და სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალების, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვების, დაღუპვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 5-მა ქვეყანამ (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა). ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ მსოფლიოს მხოლოდ 5 სახელმწიფო უერთდება. სხვა 141-ივე სახელმწიფო აგრესორად მოიხსენიებს რუსეთს და არა უკრაინას.
ჯერ კიდევ 17 თებერვალს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტს გადაურჩა, მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბს შექმნის: „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.
გერმანიის ელჩმა ისრაელში ასევე განაცხადა, რომ პუტინის ბრალდებები ნაციზმის შესახებ „ამაზრზენია“: „ეს საზიზღარია, ამაზრზენია. ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება. პუტინი ყველაფერს დემოკრატიულს „ნაციზმს“ უწოდებს. მთელი სულით ბოდიშს ვუხდი უკრაინის მამაც ებრაელ პრეზიდენტს“ .
აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ებრაელია. ზელენსკიმ რუსეთის აგრესიის შემდგომ საჯარო მიმართვისას პუტინის აბსურდულ ბრალდებას შემდეგნაირად უპასუხა: „როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? აუხსენით ეს ჩემს ბაბუას“.
დღეისათვის უკრაინაში 56 000-იდან 140 000-მდე ებრაელი ცხოვრობს, რომლებიც ქვეყანაში თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. მართალია, ბოლო დროს ქვეყანაში გარკვეული ულტრამემარჯვენე ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც სინაგოგებსა და ებრაულ მემორიალებზე ფაშისტურ სიმბოლოებს ხატავდნენ და მსვლელობებს აწყობდნენ. თუმცა გასულ თვეს უკრაინის მთავრობამ ამ ქმედებების აღსაკვეთად ანტისემიტიზმის კრიმინალიზების აქტი გაამკაცრა.
პუტინის მტკიცებებს აბსურდულად მიიჩნევენ ებრაელები კიევიდან. ერთ-ერთი ებრაელი ბიზნესმენი, ილია, პუტინს „სრულიად შეშლილს“ უწოდებს. როგორც მან განაცხადა, „ებრაელები უკრაინული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენ აქ ნაციზმს ან ფაშიზმს არასდროს შევხვედრილვართ, და ჩვენ უკრაინაში თავს დაცულად ვგრძნობთ. [მაგრამ] ჩვენ თავს დაცულად არ ვგრძნობთ, როცა რუსეთი ამბობს, რომ აქ ნაცისტები არიან“. ებრაელების განწყობას პუტინის რიტორიკისადმი მოწმობს რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადნენ.
ჰოლოკოსტის კვლევის ექსპერტები თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი ეთანხმება პუტინის მტკიცებებს, მსგავსი განცხადებები ისტორიის დაზიანება და დამახინჯებაა. ისინი აცხადებენ, რომ სიტყვა „დენაციფიკაციის“ გამოყენება შეხსენებაა იმის, რომ „ნაცისტი“ გახდა „აბსოლუტური ბოროტების“ აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, რაც მთლიანად მოწყვეტილია მის თავდაპირველ ისტორიულ მნიშვნელობასა და კონტექსტს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მდებარეობს მეორე მსოფლიო ომის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასაფლაო. სასაფლაოზე ბაბი-იარის ჰოლოკოსტის მემორიალია აღმართული, რომელიც პირველ მარტს სწორედ რუსების მიერ კიევის სატელევიზიო კოშკზე სარაკეტო იერიშის მიტანის დროს დაზიანდა.
2008 წელის აგვისტოში საქართველომ ომი დაიწყო
პრორუსული ძალები ამჟამად მიმდინარე ომის დაწყებაში ბრალს უკრაინას სდებენ. ანალოგიური პოზიცია აქვთ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც. ხიდირბეგიშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. აღნიშნული მტკიცება კრემლისტური ყალბი ნარატივია, რომლის გამყარებასაც საქართველოში არსებული პრორუსული ძალები და ხშირად მთავრობის წარმომადგენლები რეზოლუცია №1633-ით ცდილობენ.
არ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დამწყებ მხარედ ასახელებს. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება არის რეზოლუცია №1633. რეზოლუცია №1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების შესახებ, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, მოხსენიებულია როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა.
ომის დაწყებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მერვე მუხლში წერია, რომ მხარეები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან და ფაქტები დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საერთაშორისო გამომძიებელმა უნდა დაადგინოს. მეხუთე მუხლში კონფლიქტის ესკალაციაზეა საუბარი და არა ომის დაწყებაზე. მანამდე, მეოთხე მუხლში, აღნიშნულია, რომ სამშვიდობო მისია ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას დაეცვა მოქალაქეები და მათი საკუთრება კონფლიქტის რეგიონში. აქვე გამოთქმულია წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა უარყვეს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო მისიის ფორმატის ცვლილების შეთავაზებები. მეოთხე პუნქტში რეზოლუცია სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ცალსახად რუსეთს ანიჭებს. უფრო ვრცლად, რეზოლუცია 1633-ის შესახებ, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ამ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, კრემლი და მისი პროპაგანდისტული გზავნილების გამავრცელებელი მედიები მიმდინარე ომში რუსეთის ბრალეულობას კვლავ უარყოფენ და პასუხისმგებლობას კონფლიქტზე უკრაინას აკისრებენ.
სტატიის წყარო: factcheck.ge
ავტორი: ლიკა ხუციბერიძე