CENN – საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესაქმნელად ახალ ინიციატივებს ახორციელებს
კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს ადამიანს. ცვლილების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სოფლის მეურნეობაა. ვინაიდან, ამ დარგის საქმიანობა მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს. რაც, თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების შეფერხებასაც იწვევს.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესები, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, მავნებლებისა და დაავადებების გავრცელება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის დეგრადაცია და სხვა, უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე და ამცირებს პროდუქტიულობას.
ამგვარ რეალობაში, მნიშვნელოვანია დარგში კლიმატგონივრული მეთოდების, ღონისძიებები დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს შეცვლილ გარემო-კლიმატურ პირობებთან ადაპტირებას.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS EPER-ის ფინანსური დახმარებით, ახორციელებს პროექტს: “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა- PRAISE Marneuli”
ფერმერი ნაირა პაქსაძე, გვიყვება იმ დადებით შედეგებზე, რომელიც აღნიშნული პროექტის მეშვეობით მიიღო.
ფერმერი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ცხოვრობს და 20 წელზე მეტია სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. წლის განმავლობაში, რამდენიმე სახეობის კულტურა მოჰყავს. ამბობს, რომ კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის შემდეგ, წარმოების მოცულობები გაეზარდა. ვინაიდან, მან უკვე იცის, თუ როგორ გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს და როგორ შეარბილოს მისი გავლენა სოფლის მეურნეობაზე.
„სოფლის მეურნეობა ზოგადად გამოწვევების წინაშე დგას, თუნდაც წელს ძალიან ბევრი წვიმებია, უხვი ნალექი, ზაფხულში კი დიდი სიცხეები და გვალვებია მოსალოდნელი. რაც ჩვენ წლების განმავლობაში მოგვყავდა, ახლა ვეღარ მოგვყავს იმდენად შეცვლილია კლიმატი. პროექტი რომ გამოჩნდა „PRAISE Marneuli” ძალიან კარგია, იმიტომ რომ უკვე მომზადებული ვხდებით კლიმატის ცვლილებას.
ერთი წელია ჩართული ვართ პროექტში და უკვე კლიმატგონივრულად ვფიქრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ეს გულისხმობს სწორი ჯიშების შერჩევას – ზაფხულში სიცხე გამძლე, ზამთარში კი ყინვა გამძლე კულტურების მოყვანას.
ამ პროექტამდე, არ გვეგონა თუ ამდენად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნებოდა კლიმატგონივრული მეურნეობის წარმოება ჩვენთვის“ – ნაირა პაქსაძე, „მწვანე მარადისის“ კოოპერატივის ფერმერი.
„კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში, სოფლად მცხოვრები ადამიანების სიღარიბის შემცირება, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და უფლებრივი საკითხების მოგვარებაა.
მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის მენეჯერი, ჯიმშერ კოშაძე გვესაუბრება იმ გამოწვევებზე, რაც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე შეხვდათ.
„პროექტის დასაწყისში სახეზე იყო ფერმერების ცოდნის დაბალი დონე სოფლის მეურნეობაში თანამედროვე, კლიმატგონივრული და გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების შესახებ. ფერმერებმა ზოგადად იცოდნენ სოფლის მეურნეობის დარგზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ, თუმცა როგორი იცვლება კლიმატი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას მათ მეურნეობაზე და რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ რისკების შესამცირებლად, არ ჰქონდათ ცოდნა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად ეწევიან სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით ვითარდება მებოსტნეობა. ამ დარგის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კლიმატის ცვლილებაზე და დათბობაზე ვსაუბრობთ, არის სარწყავ წყალზე მუდმივი და დროული ხელმისაწვდომობა.
მუნიციპალიტეტში, ამ მხრივაც პრობლემებია. გაუმართავი, დაბინძურებული სარწყავი არხები და საირიგაციო ინფრასტრუქტურა ხშირად არ იძლევა სარწყავი წლის მუდმივად მიწოდების საშუალებას და არის შემთხვევები როცა ამ მიზეზის გამო ფერმერებს ან ვერ მოჰყავთ ბოსტნეული, ან მოურწყველობის გამო უფუჭდებათ, უხმებათ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ამ პრობლემის საპასუხოდ, პროექტი, ლობირება-ადვოკატირების კომპონენტის ფარგლებში, ცდილობს დღის წესრიგში დააყენოს საკითხი, ითანამშრომლოს პასუხისმგებელ უწყებებთან, რომელთა ბალანზეც ირიცხება საირიგაციო ინფრასტრუქტურა (შპს საქართველო მელიორაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია) რათა გაუმჯობესდეს ფერმერებისთვის სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა“ – CENN, ჯიმშერ კოშაძე,
კოშაძე ასევე, გვიყვება იმ აქტივობების შესახებ, რომელიც პროექტის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა.
„2021 წლიდან დღემდე 10 თემატური ტრენინგს და 5 მინდვრის დღეს 150-მდე ფერმერი დაესწრო, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა. აქედან თითქმის-ნახევარმა 20-30%-ით გაზარდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და შედეგად შემოსავლებიც.
ასევე, სოფელ მარადისში მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთები 1) დახურული გრუნტის საჩითილე სასათბურე მეურნეობა და 2) ღია გრუნტის სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც ხდება ისეთი კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დემონსტრირება და პოპულარიზება როგორიცაა: თესლბრუნვა, ნიადაგის მულჩირება, ნიადაგის მინიმალური დამუშავება, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა, წვეთოვანი მორწყვის სისტემა, დაავადებების, მავნებლების და ტემპერატურის მიმართ გამძლე ჯიშების დანერგვა.
საჩითილე სასათბურე მეურნეობა მოეწყო კოოპერატივ „მწვანე მარადისი“-ს ბაზაზე, რომელიც როგორც აღვნიშნე აწარმოებს ბოსტნეულის ასობით ათას ჩითილს და ამარაგებს არა მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტს, არამედ ყიდის ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
პროექტმა, სადემონსტრაციო ნაკვეთების კომპონენტში, დაამყარა თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რაც გულისხმობს CENN-სა და Cartlis-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და Cartlis-ის მხრიდან ექსპერტულ დახმარებას და ფინანსურ კონტრიბუციას.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის (MSWG) ჩართულობით, რომელიც დაკომპლექტებულია 17 ადგილობრივი საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლებისგან, განხორციელდა ადვოკატირება-ლობირების კამპანიები, რომელთა შედეგადაც მუნიციპალიტეტში გადაწყდა ე.წ ქეისები დაკავშირებული სარწყავი არხების რეაბილიტაცია-გაწმენდასთან, ნარჩენების მართვასთან. პროექტი ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას“ – ჯიმშერ კოშაძე, პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ მენეჯერი.
კლიმატის ცვლილების გავლენაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი სანდრო გუჯაბიძე. ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებას უარყოფითი გავლენა აქვს როგორც მემცენარეობაზე და მეცხოველეობაზე, ასევე ზოგადად, სასურსათო უსაფრთხოებაზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია კლიმატგონივრული მეურნეობის შექმნა, რომელიც გარკვეულ ღონისძიებებს მოითხოვს.
„კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა გულისხმობს იმ პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც ფერმერებს საშუალებას მისცემს შეამცირონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მათ მეურნეობებზე. ამ პრაქტიკების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფერმერებისთვის, ვინაიდან კლიმატის ცვლილება იწვევს ამინდის მოვლენების ინტენსივობის, სიხშირის და მასშტაბების ზრდას, როგორიცაა გვალვა, წყალდიდობა და სიცხის ტალღები. კლიმატის ცვლილების პირობებში, თუ ფერმერი არ არის სათანადოდ მომზადებული, შემცირდება მისი მოსავლიანობა და შესაბამისად, მათი მეურნეობებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი.
კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის მეთოდების შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი კონტექსტი, კლიმატური პირობები და შერჩეული კულტურის მოთხოვნილებები. მაგალითად, თუ მარცვლეული კულტურების წარმოებაში კლიმატგონივრულ მეთოდად ნიადაგის ნულოვანი დამუშავება მიიჩნევა, ბოსტნეულის წარმოებაში ეს მეთოდი არ გამოდგება, ვინაიდან ის ნიადაგის სხვა ტიპის დამუშავებას საჭიროებს.
კლიმატგონივრულია ყველა ის მეთოდი, რომლებიც უფრთხილდება ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა ნიადაგი და წყალი, და იცავს მცენარეებს ამინდის მოვლენების უარყოფითი ზემოქმედებისგან.
წყლის დამზოგავი რესურსებიდან ამჟამად უკვე კარგად ცნობილი წვეთოვანი მორწყვის სისტემა მინიმალური რაოდენობის წყალს მოიხმარს და ანაცვლებს ისეთ მავნე პრაქტიკას, როგორიც დატბორვით მორწყვაა, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ნიადაგის ნაყოფიერებაზე და ამავდროულად, მოიხმარს გაცილებით მეტ წყალს.
გარდა ამისა, უნდა დაინერგოს ნიადაგის დამუშავების ისეთი პრაქტიკები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს ორგანული ნივთიერებების შემცველობის და შესაბამისად, ნაყოფიერების კლებას.
კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი პრაქტიკაა, ასევე, მცენარეების ნებისმიერი ტიპის დაცულ პირობებში წარმოება, როგორიც მაგალითად სასათბურე წარმოებაა. ამ დროს სათბური ფიზიკურ ბარიერს წარმოადგენს მგრძნობიარე მცენარესა და ამინდის უარყოფითი ზეგავლენას შორის“ – სანდრო გუჯაბიძე, CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი.
გუჯაბიძე, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რაც აფერხებს კლიმატგონივრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვის პროცესს.
„ერთ-ერთ მთავარ პრობლემას დაბალი ცნობიერება წარმოადგენს. სამწუხაროდ, ფერმერები, მომხმარებლები და სასურსათო სისტემებში ჩართული სხვა პირები არ არიან საკმარისად ინფორმირებული კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასა და მასთან გამკლავების გზების შესახებ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, ინფორმირებულია თუ არა ფერმერი ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ბევრისთვის ფინანსური ბარიერები არის ის მიზეზი, რაც მათ კლიმატგონივრული მეთოდების დანერგვისგან აფერხებს. მდგრადი სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ხშირად მხოლოდ მცირედ ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საწყისი ინვესტიციებია საჭირო. მაგალითად, წვეთოვანი სარწყავი სისტემით რომ ჩანაცვლდეს საქართველოში ფართოდ დანერგილი დატბორვით მორწყვა, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ნიადაგზე და მოიხმარს წყლის ჭარბ რაოდენობას, ფერმერი საწყის ფინანსებს საჭიროებს პროექტის დაგეგმვისთვის, ტუმბოსა და შესაბამისი მილების შეძენისთვის, რისი საშუალებაც, ხშირ შემთხვევაში, ფერმერს არ გააჩნია. ფერმერები საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას, თუ ისინი გადაწყვეტენ საკუთარ მეურნეობებში დანერგონ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდები, იქნება ეს გრანტების, სუბსიდიების თუ შეღავათიანი კრედიტების სახით.
ამ გამოწვევების დაძლევა საჭიროებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, მათ შორის ფერმერების, მკვლევარების, კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის მხრიდან. სექტორებს შორის თანამშრომლობა, შესაძლებლობების ზრდა, მხარდამჭერი პოლიტიკა და მიზნობრივი ინვესტიციები კრიტიკულ როლს თამაშობს კრიზისთან გამკლავებასა და არსებული სისტემების მდგრად, კლიმატის მიმართ მედეგ სისტემებად გარდაქმნაში“ – CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერი.
ავტორი: ნინო ბერიძე
QvemoQartli.ge