CENN-ი კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობისთვის

“კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში მედიატური მოეწყო. ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, პროექტის საგრანტო კომპონენტში დაფინანსებულ ინიციატივებს გასცნობოდნენ. საერთო ჯამში 15 ინიციატივა დაფინანსდა და ყველა მათგანი კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის შექმნას ემსახურება.

პროექტს, CENN-ი შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. რომლის მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის  ხელშეწყობის გზით.

თენგიზ შაინიძე სოფელ დიოკნისის მცხოვრებია, რომელმაც საგრანტო კონკურსის მეშვეობით, თანხის მაქსიმალური ოდენობა 17 000 ლარი მიიღო და ტრაქტორი შეიძინა. სოფელი 75 კომლისგან შედგება და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ტრაქტორის არსებობა კი მათ შრომას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„რომ გავიგე საგრანტო კონკურსის შესახებ დავწერე პროექტი. სიმართლე გითხრათ არ ველოდი რომ გავიმარჯვებდი. ტრაქტორის შეძენამდე ხშირად მიწევდა ერთი ჰექტარი მიწის ხელით შეწამვლა. ახლა ძალიან მარტივია. ასევე ვეხმარები ჩემს თანასოფლელებს. ტრაქტორის შეძენით გამიჩნდა შემოსავალი, ვინაიდან ხშირად მიწევს გვერდით სოფლებში ტრაქტორის მომსახურების გაწევა სხვა ფერმერებისთვის. მადლობელი ვარ ორგანიზაციის ამ შესაძლებლობისთვის“ – ფერმერი თენგიზ შაინიძე

საგრანტო კონკურსის ფარგლებში სოფელ დიოკნისში კიდევ ორი ფერმერი, ხათუნა შავიძე და დავით საგინაძე დაფინანსდნენ.

ხათუნა შავიძეს მცირე სასათბურე მეურნეობა აქვს, სადაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს აწარმოებს. თუმცა, პრობლემა იყო სარწყავი წყლის არარსებობა. გრანტის მეშვეობით მან შეძლო არხიდან საკუთარ მეურნეობასთან წყლის მიყვანა. დღეს მისი დახმარებით კიდევ 5 ოჯახი სარგებლობს წყლით.

სოფელ წერეთელში ბლის ინტენსიური ბაღი გააშენა ნათია ოქროპირიძემ. მან საგრანტო დაფინანსების მოპოვებასთან ერთად მიიღო პროფესიონალების რჩევა, რომელი კულტურა იქნებოდა იმ ნიადაგისთვის შესაფერისი სადაც მეურნეობის მოწყობა სურდა. ნათიას დღეს 840 კვადრატულ მეტრზე ორი ჯიშის ბალი – რეჯინა და კობია აქვს გაშენებული.

„გრანტის დახმარებით მოვაწყვე ავზი და წვეთოვანი სისტემა. თავიდან ვგეგმავდი ვაშლის ბაღის გაკეთებას, თუმცა კონსულტაციების შემდგე გადაწყდა ისეთი კულტურა რომელიც უკვე ნაცადი და წარმატებული იყო. შევარჩიეთ ის ჯიშები რომელიც მომცემდა უფრო მეტ მოსავალს. ბაღში ასევე გავითვალისწინეთ ხუთ მეტრიანი ბოძების მონტაჟი სადაც სამომავლოდ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს დავაყენებთ” – ნათია ოქროპირიძე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ასევე დეკორატიული მცენარეების სასათბურე მეურნეობა და ქარსაცავი ზოლის მოწყობა სოფელ მარადისში

იმავე სოფელში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა კიდევ ერთ საინიციატივო ჯგუფმა. მათ შეძლეს ჭის მოწყობა და 5 ავზის დადგმა სხვადასხვა ნაკვეთთან, რომლის დახმარებითაც შექმნეს ნაკვეთში წვეთოვანი წყლის სისტემის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის მათ გრანტის სახით 17 000 ლარი მიიღეს.

წვეთოვანი მორწყვის სისტემის შექმნა შეძლო კიდევ ერთმა ფერმერმა არტურ ნაზარიანმა სოფელ წითელსოფელში. მას ხეხილის ბაღი აქვს გაშენებული, სადაც კომში, ვაშლი და კარალიოკი მოჰყავს. წვეთოვანი მორწყვის სისტემამდე ის დატბორვით მორწყვით სარგებლობდა, რაც არამეგობრულია კლიმატისთვის. ახალი სისტემის დახმარებით კი მან შეძლო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა, რითაც გაზარდა მოსავლის რაოდენობა.

ერთერთი გამორჩეული და ინოვაციური საგრანტო პროექტი, მზის პანელების მოწყობა იყო. სოფელ ახლოლალოში მახირ მამედოვმა გრანტის დახმარებით მზის პანელები დაამონტაჟა. მას საჩირე და სამაცივრე მეურნეობა აქვს.

„დენის გადასახადი ძალიან ბევრი იყო. ერთ კილოვატზე 33 თეთრს ვიხდიდი. რაც პანელები დავამონტაჟე დღეში 50-70 კილოვატამდე ვაწარმოებ. გარდა ამისა ზედმეტი ენერგია მიგროვდება რომელიც მიდის ქსელში და ყოველთვიურად მომდის ქვითარი რამდენი მაქვს მიწოდებული ზედმეტად. დღეს შემიძლია ვთქვა რომ მაქვს უფასო დენი“ – მახირ მამედოვი.

როგორც პროექტის  “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI”   მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე აღნიშნავს, საგრანტო კომპონენტით მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისთვის საერთო ჯამში 171 000 ლარი დაიხარჯა. ყველა განხორციელებული ინიციატივა კი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შექმნას ემსახურებოდა.

„ამ პროექტების შერჩევისას ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იქიდან გამომდინარე რომ ეს ინიციატივები ყოფილიყო გარემოსადმი მეგობრული და გათვალისწინებული ყოფილიყო კლიმატის ცვლილება და მისდამი ადაპტაცია. შესაბამისად თემატური მიმართულებები იყო რომ გაუმჯობესებულიყო სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა, დანერგილიყო ირიგაციის თანამედროვე სისტემები, როგორიცაა წვეთოვანი მორწყვის სისტემა, დაწვიმებითი მორწყვის სისტემა, ასევე, სასათბურე მეურნეობები და სხვა“ – ჯიმშერ კოშაძე.

სოფლის მეურნეობის ოფიცერი სანდრო გუჯაბიძე განმარტავს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მედეგი სოფლის მეურნეობის შექმნა, რაშიც ორგანიზაცია CENN-ს მარნეულის მუნიციპალიტეტში უდიდესი როლი მიუძღვის.

„კლიმატის ცვლილების პირობებში კრიტიკული მნიშვნელობის არის რომ ფერმერებმა შეძლონ საკუთარი მეურნეობების ისე მოწყობა, რომ გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს რაც კლიმატის ცვლილებას მოაქვს.

ჩვენ ვნახეთ ის ობიექტები სადაც ნაწილობრივ დანერგილია კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკები. ეს ფერმერები რომლებიც უკვე იჩენენ ინტერესს ახალი ტექნოლოგიების მიმართ და შემდგომ ამას უკვე ნერგავენ თავიანთ წარმოებაში, ბევრად უფრო მედეგები არიან თანამედროვე გამოწვევების მიმართ“ –  სანდრო გუჯაბიძე, სოფლის მეურნეობის ოფიცერი.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge