რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს
ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:
სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და
აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.
პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. პროექტში „ქვემო ქართლის მედიას“ პარტნიორობას უწევს „სათემო ფონდი კოდორი 2013“.
პროექტის ფარგლებში სოფელ წინწყაროში შეიქმნა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა. მოხდა სამოქალაქო განათლების თემატურ საკითხებზე წიგნების შეძენა და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა. სკოლის მონაწილეებს, ყოველ კვირა, უტარდებათ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ტრენინგები. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას შეადგენს ახალგაზრდებისთვის ევროპული სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე ცნობიერების ამაღლება და ამისი კონკრეტული მაგალითებით ჩვენება.
სწორედ ამიტომ, დღეს წინწყაროს საკვირაო სკოლა მათივე სოფელში მოქმედ რძის გადამამუშავებელ საწარმო შპს „წინწყარო +“ ესტუმრა. საწარმოს ხელმძღვანელმა ზეინაბ აბულაძემ მოზარდებს რძის პროდუქტების მომზადების ტექნოლოგია გააცნო. აბულაძემ ხაზი გაუსვა ევროპული სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე და ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობით დაინტერესება ურჩია. საკვირაო სკოლის მონაწილეები გაეცნენ საწარმოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი დანადგარის მუშაობას, ასევე ყურადღება გაამახვილეს ეტიკეტირების მნიშვნელოვაზე, რომელიც ჯანსაღი პროდუქტის შესარჩევად აუცილებელია. მათ აუხსნეს, რომ ევროპული სტანდარტების დაცვის გარეშე უვნებელი და მომხმარებლისთვის სასარგებლო ნაწარმის შექმნა შეუძლებელია. შესაბამისად დიდია მნიშვნელობა ამ წესების მუდმივი დაცვის.
პროექტი ხორციელდება „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ფინანსური მხარდაჭერით.
QvemoQartli.ge