ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება გრძელდება

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფართო მასშტაბიანი პროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის მიმდინარეობს. პროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადგილზე საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნა და არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას, რომელსაც აქვს პოტენციალი როგორც არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესების, ასევე ახალი სერვისების შექმნის. ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.

პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის 6  (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის 2 მუნიციპალიტეტში (ახალციხე, ნინოწმინდა).

“ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ორგანიზაციებს ქვე-გრანტების პროგრამის ფარგლებში საშუალება მიეცათ მხარი დაეჭირათ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიცაა: ქალები, ბავშვებიდა  შშმ პირები.,,ერთად  ერთმანეთისთვის” არის, პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე  პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 5-7 წლის ბავშვებს, სკოლისთვის მომზადებასა და ქართული ენის სწავლაში.

„ ამ მხრივ არსებული გამოწვევები, ხშირად აფერხებს ბავშვების განათლების პროცესში სრულფასოვან ჩართვას და ზღუდავს მათ განვითარებას. ამიტომ, ბილინგვური მიდგომით გაძლიერებული სასკოლო მზაობის პროგრამა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვების ენობრივი და სოციალური უნარების განვითარებას, არამედ მშობლების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას ადრეული განათლების მნიშვნელობაზე.

ინიციატივა აუმჯობესებს ბავშვების განათლებისადმი ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა გაზრდილია ქართულ სკოლებზე და ამიტომ თავიდანვე მნიშვნელოვანია  ენობრივი კომპეტენციების ამაღლება“ – საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ფიდან ასკეროვა.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ბილინგვური საკვირაო სკოლის ფიზიკური როგორც შიდა, ასევე გარე სივრცის მოწყობა, ; ინვენტარისა და განმავითარებელი რესურსების შეძენა; დოკუმენტაციის მომზადება; ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიის ადაპტირება და ექსპერტთან შეთანხმება და შეხვედრები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან.

„ ევროკავშირის წვლილი მსგავს პროექტებში მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერით ხორციელდება ინიციატივები, რომლებიც აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ხელს უწყობს თანასწორობას, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და განათლებაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება, რაც ხელს უწყობს მათი ინტეგრაციის, თვითგამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობებს“, – დასძენს ფიდან ასკეროვა.

პროექტი „ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობა“ მიზნად ბავშვების მხარდაჭერას ისახავს. ინიციატივა ხორციელდება ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლში მცხოვრები ბავშვების სოციალური ჩართულობის ხელშწყობას.  პროექტის ამოცანებია –   გააუმჯობესოს ადრეული განათლების კომპონენტები და მშობლებში აამაღლოს ინფორმირებულობის დონე ბავშვთა ადრეული განვითარებისა და განვითარების შეფერხებების შესახებ.

„ ამ ეტაპზე ჩვენი პროექტი დასასრულს უახლოვდება. კერძოდ, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების თანამშრომლების გადამზადების პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია ბაგა-ბაღების პედაგოგებს მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რთული ქცევის მართვის შესახებ. პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში დასაქმებული 18 ადამიანია ჩართული.

ამასთანავე მომზადდა საინფორმაციო პოსტერები და ბროშურები. რომლებიც რიგდება ბაგა-ბაღებში. საინფორმაციო მასალები მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ გაიგონ ბავშვთა განვითარების ეტაპების, განვითარების შეფერხებებისა და ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ“- საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუნუ ბეგლარიშვილი.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ 1998 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია გააუმჯობესოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და ხელი შეუწყოს მათ საჭირო განათლების მიღებასა და ახალი უნარების დასწავლაში.

„ მოცემულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვემო ქართლში მცხოვრები ბავშვებისათვის, მათი მშობლებისა და ბაგა-ბაღებში დასაქმებული პედაგოგებისათვის.

პირველ რიგში, პედაგოგები იუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ დაეხმარებათ არასრულწლოვანებთან უკეთ მუშაობასა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობაში. მშობლები იღებენ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებისა და ბავშვთა განვითარების ეტაპების დაყოვნებების შესახებ, რაც დაეხმარებათ იდენტიფიცირება მოახდინონ მათი შვილების წინაშე მდგარი გამოწვევების და მოახდინონ დროული ინტერვენცია საჭიროებისამებრ.

ხოლო არასრულწლოვანებისათვის იქმნება კეთილსაიმედო და ინკლუზიური სააღმზრდელო გარემო,  რაც ხელს უწყობს მათ განვითარებასა და დარღვევების შემთხვევაში  საშუალება მისცემს მათ დროულად ჩაერთონ საჭირო პროგრამებში“- პირველი ნაბიჯი საქართველო, ნუნუ ბეგლარიშვილი.

ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალი ინიციატივა ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, რომლის მთავარი სამიზნე ჯგუფი მოწყვლადი კატეგორიის ქალები არიან.

პროექტს სახელწოდებით „ნაბიჯი განვითარებისკენ –  ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით“ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახორციელებს.

პროექტის მიზანია ბოლნისში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული და ციფრული უნარების გაუმჯობესების გზით.

„ პროექტის ფარგლებში შევეცადეთ ქალებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა შეეძინათ ახალი პროფესია, რათა მომავალში უკეთ შეძლონ თვითრეალიზება. შევძინეთ ისეთი უნარები, რაც დაეხმარება მათ დასაქმებაში.

სწავლა დაიწყო შემდეგ კურსებზე: ჭრა-კერვა, გელ-ლაქი, სოციალური მედიის მართვა, რეზიუმეს წერა, ეფექტიანი  კომუნიკაცია. კურსებზე გვყავს 32 ქალი. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე,  მეორედ გამოვაცხადეთ ჭრა-კერვის კურსზე მიღება. უახლოეს ხანში  მეორე ჯგუფიც დაიწყებს სწავლებას“- საუბრობს, ორგანიზაციის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი.

პროექტი მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. ინიციატივას „სოციალური სერვისების დანერგვა და შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდაჭერა“ ორგანიზაცია „გენი“ ახორციელებს.

პროექტის მიზანია გარდაბნის მუნიციპალიტეტში წვლილი შეიტანოს შშმ ადამიანებისთვის სრულფასოვანი, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობების შექმნასა და მათ რესოციალიზაციაში.

„ პროექტის ფარგლებში მიზნად ვისახავთ შშმ პირების რესოციალიზაციას, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას სოციალური სერვისების, მათი დანიშნულებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პერსონალური ასისტენტის, ფსიქოლოგისა და იურისტის მომსახურება.

[პროექტის] საჭიროებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: შშმ ადამიანები მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვნად ვერ ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში  რომელიც მოიცავს როგორც ბაზისურ, ისე ინსტრუმენტულ აქტივობებს, მათ ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია სოციალური სერვისების არსებობის,  და ხელმისაწვდომობის თაობაზე, შშმ პირები ინფორმირებულნი არ არიან კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ  უფლებებზე და  არ გააჩნიათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც მიმართული უნდა იყოს პიროვნების კეთილდღეობაზე“  – საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ანი გარდავა.

ანი გარდავა აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ხდება პერსონალური ასისტენტების რეკრუტირება; შშმ პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე არსებული სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შშმ პირთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა; იურიდიული კონსულტაციების მიწოდება შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

პროექტის შედეგად სრულფასოვნად გადამზადდება 10 პერსონალური ასისტენტი, რომელებიც სამიზნე რეგიონში საჭირო სერვისის მიწოდებას შეძლებენ. ასევე, იგეგმება 80 ბენეფიციარისა და მათი ოჯახის წევრის ინფორმირებულობის გაზრდა სოციალურ სერვისებზე, მათ დანიშნულებასა და ხელმისაწვდომობაზე. ამასთან ერთად მოხდება  80  ბენეფიციარისათვის  ფსიქო-სოციალური და იურიდიული მომსახურების გაწევა.

დღის ცენტრი ,,გენი’’ მდებარეობს რუსთავში. ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს როგორც შშმ ბავშვთა, ასევე ზრდასრულთა დღის ცენტრი.

ევროკავშირის მხარდაჭერილმა პროგრამამ სათემო ინიციატივების გაძლიერებაც შეძლო. დაფინანსდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი აზროვნების ინსტიტუტის და ახალგაზრდული სათემო ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებასა (გუნდური მუშაობა, თემის საჭიროებების ანალიზი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ეფექტური  კომუნიკაციის უნარები,  იდეების პრაქტიკაში რეალიზაციის უნარები და სხვა)   და სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შემუშავებას.

„ 3 თვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, სათემო ცენტრების წარმომადგენლებმა ონლაინ და ფიზიკური შეხვედრების საშუალებით სხვადასხვა თემაზე მიიღეს ინფორმაცია . მათ გააცნობიერეს საზოგადოებრივ საკითხებში აქტიურად ჩართვის  მნიშვნელობა, შეიძინეს გუნდურად მუშაობის გამოცდილება და საბოლოოდ, ერთობლივად შეიმუშავეს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც სამომავლოდ ორგანიზაციას ძალიან დაეხმარება მდგრადად განაგრძოს საქმიანობა.

პროექტის განმავლობაში 5 ონლაინ და 3 ფიზიკური შეხვედრაჩატარდა. ფიზიკური შეხვედრები როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისსა და ქალაქ თბილისში განხორციელდა. შეხვედრებზე როგორც პროექტის გუნდი, ასევე რეგიონებიდან დაინტერესებული ახალგაზრდებიც იყვნენ ჩართულნი“- საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ქამრან აფანდიევი.

პროექტში ჯამში ჩართული იყო 18 ახალგაზრდა, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემაზე. ჯგუფურად მუშაობის შედეგად ერთად შეიმუშავეს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი.

„ ჩვენი ორგანიზაციის განვითარებაში ევროკავშირს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად ჩვენ ქვემო ქართლში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შევძელით“- ქამრან აფანდიევი.

„ ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ დაარსდა 2015 წელს როგორც საინიციატივო ჯგუფი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში არიზ დაშდამიროვის მიერ „ფონდი ტასოს“ ინიციატივით.

ამჟამად ახალი აზროვნების ინსტიტუტს აქვს გახსნილი ორი საგანმანათლებლო ცენტრი. სოფელ მოლაოღლსა (არიზ დაშდამიროვის სახლში) და ხულდარაში (ქამრან აფანდიევის სახლის ავტოფარეხში), სადაც ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკების სივრცეში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობა: ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების გაკვეთილები, ფილმების ჩვენება-განხილვები, წიგნის კითხვა, სპექტაკლების დადგმა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ლიტერატურული საღამოები.

დაფინანსებულ ინიციატივებს შორის არის  სამოქალაქო იდენტობის პროექტი, რომლის მიზანია აზერბაიჯანულენოვან სკოლებში  მხარი დაუჭიროს ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებასა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციის განვითარებას, მათთვის ხელმისაწვდომი თეორიული და მეთოდური მასალების შექმნის გზით.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.