ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტები და არც ერთი სიტყვა ევროკავშირის შესახებ – დმანისის მერიის ჯილდო

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ დმანისის მერიას საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის ორი ჯილდო გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია დმანისის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მუნიციპალიტეტი ორი პროექტისთვის დააჯილდოვეს: „თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“ და „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა.“

აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მხარდაჭერით და სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავთ დმანისის მერიის საინფორმაციო მასალაში.

„ ვაგრძელებთ ინოვაციური და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე” – ვკითხულობთ, დმანისის მერიის, საინფორმაციო განცხადების ბოლოს, მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის კომენტარს.

CENN-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე დმანისის მერიასთან. მართალია, მათი შრომა და წვლილი არ აღნიშნეს, თუმცა ორგანიზაციას აქვს დეტალური ანგარიში ყველა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტზე.

„ დმანისში ამ ეტაპზე ორი მსხვილი პროექტით ვართ წარმოდგენილი. პირველი პროექტია „ახალი სოციალური სერვისი – თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“, რომელსაც ,,იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა” ახორციელებს.

აღნიშნული საგრანტო პროექტი საგრანტო პროგრამის „თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციური და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნასა და განვითარებაზე” ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის მთლიან ბიუჯეტს შეადგენს 30,225.29 ევრო, საიდანაც 19,800.29 ევრო,  არის ევროკავშირის დაფინანსებული, ხოლო 10,425.00 ევრო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო თანამონაწილეობითი საგრანტო კონკურსი.

განაცხადის თავდაპირველი ვერსიის შემუშავება მოხდა მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თუმცა შემდეგ პროექტის გუნდმა, ექსპერტებთან ერთად, მჭიდროდ იმუშავა პოტენციურ განმცხადებელთან, რომ პირველადი განაცხადისთვის საბოლოო სახე მიეცა“,- საუბრობს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნინო თევზაძე.

აცხადებს, რომ პროექტის მიზანი არის თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს მათი სოციალიზაციის, ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას.

ამ თანამშრომლების გარდა, დმანისის თვითმმართველობას ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით ექსპერტები დაეხმარნენ სოციალური სერვისების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაში, თუმცა ამ ექსპერტების შრომაზეც, დაჯილდოების მასალაში არაფერი წერია.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge