შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ჯანდარის ტბა, გართობის საშუალებაა – ადგილობრივებისთვის იგი იმისი გარანტი იყო, რომ სხვა ვერაფერს, თუ არა, თევზს მაინც მიიტანდნენ სახლში.

,, წინათ ჯანდარის ტბაზე გავდიოდით და ბადით ვთევზაობდით. ახლა გვითხრეს ტბა ვიღაცამ შეიძინა და თევზი გასამრავლებლად ჩაყარა-ო. ადგილობრივი პოლიცია ამის გამო ბადით თევზაობას გვიშლის. ამისთვის დაჭერილიც ყავდათ ხალხი. ეს არის სამართალი? ჩვენსავე ტბაზე თევზი ვერ დაგვიჭერია და სახლში ვერ მიგვიტავია” – საუბრობენ ჯანდარის ტბის მეზობლად მდებარე სოფელ ლემშვენიერაში.

ლემშვენიერა ახალმა წესებმა ყველაზე მეტად დააზარალა. ჯანდარის ტბაზე ჩვენი სტუმრობის დროს ორი მეთევზე შევნიშნეთ, თუმცა როგორც კი მივუახლოვდით ნავში ჩასხდნენ და ტბის ე.წ კამიშებით (მცენარე) დაფარულ ნაწილს შეაფარეს თავი.

მდინარეებსა, თუ ტბებში თევზჭერის ლიცენზიას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტრო განაგებს. თუმცა ჯანდარის ტბაზე თევზჭერის ლიცენზია იმ დროს გაიყიდა, როდესაც მსგავსი საკითხები ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. ოფიციალური მონაცემებით ტბა, რომელსაც იმედის თვალით შეჰყურებენ ლემშვენიერაში, 20 წლის მართვის და თევზჭერის უფლებით გადაეცა, 2010 წლის 1 მარტს, შპს “ჯანდარის ტბა 2”-ს.

,, 1 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 3 ობიექტზე, გაიყიდა სამივე ობიექტის ლიცენზია, შემოსულმა თანხამ 33 ათასი ლარი შეადგინა. დღესვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის მიზნით კიდევ ერთი აუქციონი ჩაატარა.

აუქციონზე გაიყიდა შემდეგი ობიექტების ლიცენზიები:

თევზჭერის ლიცენზია ჯანდარის ტბაზე. გასაყიდი ფასი 132 000 ლ. შეიძინა შპს “ჯანდარის ტბა – 2″;”
– ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს გაცემული ლიცენზიების ჩანაწერებში.

132 000 ლარად 20 წლით გასხვისდა ჯანდარის ტბა. ლიცენზია, რომელიც შპს “ჯანდარის ტბა – 2”-მა მიიღო მას სრულ უფლებას აძლევს არავინ მიუშვას ტბასთან და მხოლოდ, მან აწარმოოს თევზჭერა. ლიცენზიის პირობების თანხმად მას გარკვეული სახეობის თევზის შენარჩუნების და გამრავლება ევალება.

ალბათ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გარდა არავის მოუვიდოდა თავში ჩალის ფასად 20 წლით მსგავი ლიცენზიის გაცემა. მასათან ერთად მათი წყალობით, ადგილობრივი მოსახლეობა ბადით თევზაობას კი არა ანკესით თევზაობის უფლებასაც კარგავს.

26 მარტს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტრომ, რომელსაც დღეის მდგომარებით მსგავის ლიცენზიების გაცემის უფლება აქვს საჯარო განხილვა მოაწყო. განხილვა, რამდენად იყო საჯარო კიდევ საკითხავია, თუმცა ამაზე საუბარი უკვე გვიანაა.

,, სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო” წარმოგიდგენთ შპს “ჯანდარის ტბა 2″-ზე (ჯანდარის ტბა) 20 წლის ვადით გაცემული #100031 თევზჭერის ლიცენზიის შესაბამისად შემუშავებულ შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმას განმეორებითი საჯარო განხილვისთვის” – ვკითხულობთ სამინისტროს საიტზე.

შესაბამისად, მალე შპს ტბა “ჯანდარის ტბა 2”-ს თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმას დაუმტკიცებენ. ამის შემდეგ შპს თევზჭერის უფლებას სრულად იღებს. მის ქონებას და ლიცენზიით მიღებულ უფლებებს ადგილობრივი სამართალდამცავები დაიცავენ.

მოსახლეობას კი შეუძლია შორიდან უყუროს ტბას და ითევზაოს ტბაში შემავალ წყლის არხებში, სადაც ბევრს ვერაფერ დაეიჭერს, მაგრამ დაჯირემის შიში არ ექნება.

132 000 ლარად 20 წლით გასხვისებული ჯანდარის ტბა კი ჩვეულებრივ მოკვდავებს 18 წლის შემდეგ მიიღებს.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=128