TI: რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე

დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა: ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, მოსახლეობას დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადააქვს, ლარი გაუფასურდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა, საინვესტიციო გარემო გაუარესდა

საკითხი სიღრმისეულად „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევით მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მაგრამ ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან აქვს. 2023 წელს, ევროკავშირიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკის 30%-მდე იყო.

„ საქართველოში შიდა თუ გარე შოკებით (ამ შემთხვევაში სანქციები) გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ნეგატიური მოლოდინი პირველ რიგში ლარის კურსზე აისახება. ლარის გაუფასურება კი ინფლაციას და ვალის მომსახურების ზრდას უწყობს ხელს, რაც მოსახლეობას აღარიბებს.

2022-2023 წლებში ლარის კურსი პოსტპანდემიური პერიოდის ეფექტის და რუსეთიდან მილიარდობით დამატებითი ფულის შემოსვლის გამო გამყარდა. თუმცა, 2023 წლის მეორე ნახევრიდან რუსული ფულის ეფექტი შემცირდა და ლარმა გაუფასურება დაიწყო, 1 დოლარის ფასი 2.5-დან 2.7-ლარამდე გაიზარდა.

2024 წელმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბარიც კი საქართველოში მოლოდინებს აუარესებდა და ლარის გაუფასურებას იწვევდა. „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღებამ ლარი 6%-ით გააუფასურა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა აპრილ-მაისში 220 მილიონი დოლარი გაყიდა. კურსზე განმეორებით ზეწოლა 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო, როცა აშშ-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი მაგნიტსკის აქტში შეიყვანა და ხელისუფლების ათობით წევრს ამერიკაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, დასავლურმა ქვეყნებმა საქართველოს მთავრობაზე ახალი გრანტების გაცემა შეაჩერა. სიტუაციას მოახლოებული არჩევნებიც ამძიმებდა. სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის 2.72-ზე შენარჩუნებისთვის 700 მლნ დოლარი გაყიდა“, – TI.

ორგანიზაციამ მონაცემების ანალიზის შემდეგ გამოარკვია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ქართულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ბოლო 3 თვეში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია და ამავე დროს, მოსახლეობის პესიმისტურ მოლოდინს აჩვენებს. TI- ი წერს, რომ როცა კრიზისია მოსალოდნელი, მოსახლეობას ურჩევნია დანაზოგები უფრო სანდო ვალუტაში შეინახოს, როგორიც არის აშშ დოლარი და ევრო.

„ 2024 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებში 29.7 მილიარდის დეპოზიტი იყო ლარში განთავსებული, რაც ოქტომბერ-დეკემბერში 2 მილიარდი ლარით შემცირდა. 3 თვეში ასეთი კლება არასდროს დაფიქსირებულა. პარალელურად, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 786 მილიონი დოლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს გამოკვეთილი მაღალი ზრდის ტემპი 2024 წლის მაისიდან აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ლარის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა „რუსული კანონის“ მიღებიდან დაიწყო,“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.“

TI განმარტავს, რომ მომავალში ეკონომიკური სიტუაცია როგორ შეიცვლება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული. მთავარი საფრთხე საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს: მაღალი სავაჭრო დეფიციტი, დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტი და საგარეო ინვესტიციებზე და სესხებზე დამოკიდებულება, საქართველოს პოტენციური სანქციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე ეს სხვა, აქამდე დასანქცირებული ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს. ასევე, პროგნოზირებენ: საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, შეამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მოხმარებას.