თავდასხმის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და სხვები, აცხადებს, რომ თბილისში დღეს დილით თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა და სცემეს. ლაშა გაბიტაშვილს სახეზე დაზიანებები ეტყობა.

„ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვათ… ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან“, – ამბობს გაბიტაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, – თქვა მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილმა „TV პირველთან“ საუბრის დროს.

გაბიტაშვილს,  ტვინის შერყევა აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა მიაწოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და ჩაატარონ გადაუდებელი საპროცესო მოქმედებები.

” აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფაქტი აქტიურ მოქალაქეებზე თავდასხმის პირველ შემთხვევა არ არის. გაბიტაშვილზე ძალადობა აქტივისტებსა და პროტესტში ჩართულ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციის გაგრძელებაა. 2024 წელს, ჯერ აპრილის, შემდგომ კი ივნისის თვეში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა აქტივისტი ნიკო მანაგაძე. 2024 წელს თავს დაესხნენ პოლიტიკოსსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, გიორგი მუმლაძეს. სულ ცოტა ხნის წინ მოტყუებით ავტომობილიდან გადაიყვანეს გორში მცხოვრები აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც შემგომ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საგულისხმოა, რომ სამივე მითითებულ შემთხვევაზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და მას არ გამოუკვეთია ინციდენტებში მონაწილე პირები. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში, მაგალითად, ნიკო მანაგაძის საქმეში დაფიქსირებულია თავდამსხმელთა სახეები, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ მათი იდენტიფიცირება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება,” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

QvemoQartli.ge