ჟურნალისტები, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მომღერალი – მოსამართლის სახლთან აქციისთვის 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია 9 ადამიანი – მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის და ბანერის გაშლისთვის: „თავისუფლება მზიას“.

მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული შემდეგი პირები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა:

  • გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  • ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
  • ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
  • ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
  • მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
  • ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
  • გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
  • ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ  2025 წლის 7 თებერვალს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველმა განყოფილებამ აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან შეკრების გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილი). ამ მუხლის 6 თებერვალს მიღებული ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვა ისჯება 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით, მაშინ როდესაც აქამდე სანქცია 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
შეკრების მონაწილეებმა 2025 წლის 26 იანვარს მოსამართლის სახლთან სოლიდარობის სიმბოლური აქტით გააპროტესტეს მზია ამაღლობელის მიმართ უკანონო პატიმრობა. ეს იყო პასუხი 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა განუხილველად დატოვა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.