” აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა”

დღეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს.

მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. უფლებადამცველების განცხადებით,  აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების  დაკარგვის ეპიზოდები.

5 თებერვალს,  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას[1].

6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ის პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო  დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად მისი თანხმობით, გადასხმის მემშვეობით მიეწოდებოდა.

” აფგან სადიგოვი უკვე 145 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს სახალხო დამცველს:

  • შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.

ანრი ოხანაშვილის:

  • აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს”- ვკითხულობთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში. 

ის, რომ აზერბაიჯანი არ არის უსაფრთხო ქვეყანა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის და უფლებადამცვლებისთვის, არა ერთი საყურადღებო უწყების/ორგანიზაციის  ანგარიში მიუთითებს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მთელ რიგ პრობლემებს ჩამოთვლის, მათ შორისაა: წამება და უსაფრთხოების ძალების წევრების მიერ სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ან დასჯა; მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეში; თვითნებური დაკავებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები; ტრანსნაციონალური რეპრესია ქვეყნის გარეთ მყოფი პირების მიმართ; პირადი ცხოვრების თვითნებური ან უკანონო ჩარევა; ნათესავის სავარაუდო დანაშაულისთვის ოჯახის წევრების დასჯა; სერიოზული შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა, ჟურნალისტების უსაფუძვლო დაკავება ან ბრალდების წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დეფამაციის კანონების გამოყენება გამოხატვის შეზღუდვისთვის; ინტერნეტის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები; მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ფაქტობრივი აკრძალვა და ასოციაციის თავისუფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევა; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები; მოქალაქეების შეუძლებლობა მშვიდობიანად შეცვალონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით; პოლიტიკური მონაწილეობის სერიოზული და გაუმართლებელი შეზღუდვები; მთავრობის სერიოზული კორუფცია; მთავრობის მხრიდან სერიოზული შეზღუდვები ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაზე; პოლიტპატიმრების მაღალ რიცხვზეა საუბარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.

QvemoQartli.ge