15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს
ქუთაისში 26 იანვარს გამართული აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უცხადებდნენ სოლიდარობას, შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მათ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.
26 იანვარს ქუთაისში დაახლოებით 30 წუთიანი აქცია გაიმართა მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.
მალხაზ ოქროპირაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეცაა. ის ერთ-ერთია იმ ქართველი მოსამართლეებიდან, რომელთა დასანქცირებაც ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოითხოვა.
აქციის ცხრა მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 15 დღემდე ვადით დაპატიმრება ემუქრებათ.
მათ შორის არიან:
- გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
- ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
- ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
- მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
- ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
- გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იგივე ქმედება გამოიწვევს 5 000 ლარით დაჯარიმებას ან 60 დღემდე პატიმრობას.
საქმეს 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია:
- შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.
ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზარდა – ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.
QvemoQartli.ge