“არაფრის გამო არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას” – ლაშა ჩხვიმიანი, შიმშილობის მე-2 დღე

სამოქალაქო აქტივისტი და რეჟისორი, ლაშა ჩხვიმიანი აგრძელებს პროტესტის შიმშილობის ფორმით გამოხატვას. აქტივისტი, შიმშილობის მეორე დღეს საზოგადოებას პოსტით მიმართავს:

“შიმშილობა არ დამიწყია ,,ხელისუფლების” ემპათიის იმედად. აქ ხალხის იმედით ვდგავარ, ხალხი უნდა გააქტიურდეს სანამ დროა. განსაკუთრებით რეგიონებში.

ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც მეტყოდა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ან მომიტინგეებზე ძალადობა და დაკავება სამართლიანი იყო. უსამართლობის შეგრძნებაა ყველგან, ეს შეგრძნება გვაერთიანებს ერს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ხელისუფლებისგან ყველაზე გამწარებული ხალხი რეგიონებში ცხოვრობს, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათი ბედი ხელისუფლებისადმი მორჩილებაზეა დამოკიდებული და ჩუმად არიან. დმანისის მოსახლეობის 41% სოციალურ დახმარებას იღებს, 10% საჯარო სამსახურშია, 5% RMG-ში მუშაობს, ამას ემატებიან მათი ოჯახის წევრები და ვინღა დარჩა, ვისაც შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვის შიშის გარეშე, თავისუფლად შეეძლება პოზიციის გამოხატვა?.. ამით გაყალბდა არჩევნები და ამიტომ არ არის რეგიონებში ხალხი აქტიური და არა იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ხედავენ.

არაფრის გამო არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას. უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ არაფრით არ ვართ ჩვენ ხელისუფლებაზე დამოკიდებული – პირიქით, ისინი არიან ჩვენზე დამოკიდებული, მათი ძალაუფლება დგას ჩვენს დუმილზე, შიშზე და გაუბედაობაზე და თუ უსამართლობის შეგრძნება გვაერთიანებს – ხმა ამოვიღოთ სანამ გვიანი არ არის!

ქუჩის მეორე მხარეს რომ კაცს კლავდნენ, არ გადახვალ, არ მიეშველები? შეძლებ, რომ გაეცალო იქაურობას, მხოლოდ იმიტომ რომ შენ საფრთხე არ შეგექმნას? შეძლებ ამას?! ეს არც ბაღში გვისწავლია, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, არც ოჯახში! ეს არც ,,ქართველობაა” და არც ადამიანობა! ამის სწავლებას მხოლოდ ქოცები ცდილობენ, რომ მთავარი ფული და შენი პირადი კეთილდღეობაა, დანარჩენი ყველაფერი ჭირსაც წაუღია!..

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გუშინ მოდიოდით და ამის საპირისპიროს მიმტკიცებდით, რომ ქოცებმა ვერ შეძლეს ჩვენი გადაგვარება, რომ არ შეგვიძლია უსამართლობაზე თვალი დავხუჭოთ.

P.S. განსაკუთრებით გამამხნევა დღის ბოლოს დმანისელი ექიმების მოსვლამ და მხარდაჭერამ” – ლაშა ჩხვიმიანი.

QvemoQartli.ge