ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებას გააცნო ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2024.
ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წელს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე; საპარლამენტო არჩევნებზე; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაზე; საპროტესო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებე.
ანგარიშში ვკითხულობთ რეპრესიული „ რუსული კანონი“-ს შესახებ:
„მაისში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – რუსული კანონის რეალურ მიზანს კრიტიკული ხმის ჩახშობა და იარლიყების მიკვრით, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია წარმოადგენს. დაფინანსების მოძიების გამო ორგანიზაციების გამოყოფა და მათი უცხოური ინტერესების გამტარებლად შერაცხვა, რეპუტაციას ულახავს მათ და მიმართულია სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ. ასეთი რისკები მით უფრო მაღალია იმ ორგანიზაციებისა და მედიების შემთხვევაში, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოხატავენ.“
დისკრედიტაციიდან ფიზიკურ ძალადობამდე:
„ წლის ბოლოს, დემონსტრანტების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების შევიწროების შემთხვევები იყო პირად სივრცეში. ცალკეულ პირებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები, ან ზონდერების („ტიტუშკების“) სახელით ცნობილი ორგანიზებული ჯგუფები ესხმოდნენ თავს, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრის დევნისა და შიშის დათესვის მიზნით. ასევე, პოლიციამ დეკემბერში დაიწყო პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა.“
2024 წელს საპარლამენტო არჩევნები:
„ ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში, კერძოდ, 2263 უბანზე, სადაც ამომრჩევლებმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ყველაზე მთავარ და სისტემურ პრობლემად ხმის ფარულობის დარღვევა დასახელდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.36 ფარულობის პრინციპი გათვალისწინებულია ევროპული კონვენციითაც, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალი გამოხატვა. ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს მიუთითებდა, რომ ხმის ფარულობა ელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა ყოფილიყო დაცული.“
პროტესტის მონაწილეთა უკანონო დაკავების პრაქტიკა:
„გაერთიანებულმა აქციებზე დაკავება უმეტესად ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად ხდებოდა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მომიზეზებით. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მონახულებული დაკავებულების უმრავლესობა იყო ნაცემი, რაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე. ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილმდებარეობის დადგენას.“
მედია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა:
„ამ აქციების გაშუქებისას განსაკუთრებული ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე ჟურნალისტმა. მაგალითად, 29 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელის თავდასხმის შედეგად აღენიშნა კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა; თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა; სკალპის ღია ჭრილობა; თავის ტვინის შერყევა და სხვა თანმხლები გართულებები. მას სპეცრაზმელი მოულოდნელად დაესხა თავს, როცა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციაზე მიმდინარე მოვლენებს. გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით მიმდინარეობს მაშინ, როცა გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებსაც შეიცავს. სპეცრაზმელი პირდაპირ ეთერში დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტ დავით ცაგარელს, როცა მას მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და
რიგ შემთხვევებში, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელები არა შსს- წარმომადგენლები, არამედ შავებში ჩაცმული. ნიღბიანი უცნობი პირები იყვნენ. კადრებით დასტურდება, რომ „TV პირველის“ წარმომადგენლებზე ჯგუფური ანგარიშსწორების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც, მაგრამ მათ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
თითოეულ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული არაადამიანური ქმედებების მიზანი იყო – მათი დაშინება და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლა, რის შედეგადაც ისინი ვეღარ მოახერხებდნენ ადგილზე განვითარებული სამართალდამცავების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გაშუქებას ანდა დაისჯებოდნენ უკვე გაშუქებული მასალის გამო.“
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე..
QvemoQartli.ge