“მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის მიღება, ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა” – ბათუმელი ექიმების განცხადება
მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით ბათუმში მედიკოსების ჯგუფმა განცხადება გააკეთა.
ექიმებმა ისაუბრეს შიმშილობით გამოწვეულ საფრთხეებზე და განმარტეს, რატომ უნდა ხდებოდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.
„რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.
ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“ – აცხადებენ ექიმები.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს, სადაც საუბარია შიმშილობის შედეგად განვითარებულ რისკებზე.
„მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის, მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს?
შიმშილობის მე-17 დღეს, შესაძლოა განვითარდეს ორგანოების უკმარისობა – გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ – ტვინი, ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს.
ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი – ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს.
იმუნური სისტემის მხრივ – ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.
პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები – შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.
შიმშილობის საკითხი პენიტენციარულ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
- საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
- მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციარული სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიანი მონიტორინგი.
მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის.
მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
თავისუფლებს საქართველოს დიქტატურისგან!“- ნათქვამია ექიმების განცხადებაში.
ბათუმელმა ექიმებმა ასევე განაცხადეს, რომ რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი უნდა გაუწიონ სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილურმა ექიმებმა.
„დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები. თითოეული აქ მდგომთაგან მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან“ – აცხადებენ ექიმები.