გვანცა თვალიაშვილი – ემიგრანტები საქართველოსთვის

QvemoQartli.ge იწყებს ახალ რუბრიკას „ემიგრანტები საქართველოსთვის.“ გაგაცნობთ საქართველოდან წასული აქტიური მოქალაქეების შეფასებებს. ვკითხავთ, რას ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე და რა გამოსავალს ხედავენ. რუბრიკის რესპონდენტი ახალგაზრდული მუშაკი და რეგიონის სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრი გვანცა თვალიაშვილია.

გვანცა თვალიაშვილი: მე ვარ 31 წლის „მარადმწვანე სტუდენტი“ ასეც შეიძლება ვთქვათ. პროფესიით სოციოლოგიის მაგისტრი, ბოლო 8 წელია ვმუშაობ სამოქალაქო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფასილიტატორი, ტრენერი, ახალგაზრდული მუშაკი და პროექტების მენეჯერი.

ჟურნალისტი: რამდენი ხანია ემიგრაციაში ხარ და იქიდან, როგორ ჩანს საქართველოს პრობლემები?

გვანცა თვალიაშვილი: წელიწად-ნახევარია რაც შვედეთში ვცხოვრობ და ვსწავლობ. განსაკუთრებით ემოციური და მტკივნეულია საქართველოს პრობლემები ემიგრაციიდან. სინანულის და უსამართლობის განცდა, რომ ხომ შეიძლებოდა შენი ქვეყანაც უფრო სწრაფად განვითარებულიყო უკან სვლის ნაცვლად.

ჟურნალისტი: რა აზრის ხარ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რას მიიჩნევ ყველაზე დიდ პრობლემად?

გვანცა თვალიაშვილი: საქართველოში ამჟამინდელ კრიზისში ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია ძალადობრივი მიდგომები და მიკერძოებული სასამართლო, რომელიც მთლიანად ემსახურება ერთი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებას. მოქალაქეებს არ გვაქვს სამართლიანობის და უსაფრთხოების განცდა.

ჟურნალისტი: საზოგადოებას რისი გაკეთება მართებს?

გვანცა თვალიაშვილი: საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, მასში გაიღვიძოს ემპათიის და სოლიდარობის გრძნობამ. თითოეული ჩვენი საზოგადოების წევრის სიცოცხლე და თავისუფლება უნდა იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირადი სიმპათიებია.

ჟურნალისტი: როგორც სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრი, როგორ ფიქრობ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში სამოქალაქო სექტორი და რა უნდა გაკეთდეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მის გასაძლიერებლად?

გვანცა თვალიაშვილი: სამოქალაქო სექტორის სისტემური სტიგმატიზაცია და შესუსტება მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს ასევე ახალი კანონმდებლობა უცხოურო გავლენის აგენტების შესახებ. საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის სამოქალაქო სექტორში მომუშავე ადამიანების მენტალური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იმ „გაშავების” ფონზე რასაც ვაწყდებით.

ბოლოს დავამატებდი რომ ისეთი განცდა მაქვს თითქოს ისტორია მეორდება, აქამდე რა ლექსიც, პოემა, მოთხრობა თუ ისტორია გვისწავლია ჩვენს წინ ცოცხლდება, რეპრესირებული ავტორების გრძნობები და განცდები..

QvemoQartli.ge