გარდაბანში მილიონიანი ტენდერი, აუქციონის გარეშე-უკონკურენტოდ, ერთმა კომპანიამ მოიგო

გარდაბნის მერიამ, მიმდინარე წლის 17 იანვარს,  2024-2025-2026 წლების განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო  საზედამხედველო მომსახურებისთვის, ხელშეკრულება  „შპს ოპტიმალ გრუპ +“- თან გააფორმა. მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 385 000 ლარს.

შესყიდვა ფორმატით: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) ჩატარდა. „შპს ოპტიმალ გრუპ +“ იყო ერთადერთი პრეტენდენტი.

აღნიშნულის კომპანიის შესახებ ინფორმაცია იძებნება  გამოცემა factcheck.ge-ზე. სადაც ვკითხულობთ:

„ მარნეულის მერიის მიერ ქ. მარნეულში მონუმენტური ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 994 844 ლარის ღირებულების სამუშაოები უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელდა (NAT180016623). აღნიშნულ სამუშაოებზე შპს „ოპტიმალ გრუპ +-ს“ გაცემული ჰქონდა დადებითი დასკვნა, მას ხარვეზების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის არ უცნობებია და არც მშენებლისათვის არ მოუთხოვია ხარვეზის აღმოფხვრა; შპს „ოპტიმალ გრუპ +-ის“ დადებითი დასკვნის საფუძველზე, ოთხი სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა საპროექტო დოკუმენტაცია. სამუშაოების უშუალოდ განხორციელების პროცესში გამოვლინდა, რომ ინსპექტირებები არაჯეროვნად განხორციელდა, საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, რადგან ის საპროექტო დოკუმენტაციაში ასახულ სამუშაოებს არ შეესაბამებოდა.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემების თანახმად კი კომპანიას 2024 წლის მდგომარეობით სულ 126 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 69.8%-ი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

„შპს ოპტიმალ გრუპ +“ 2011 წელს  ნინა კარბელაშვილმა დააფუძნა, მაშინ ის გახლდათ შპს-ს 100%-იანი მფლობელი, თუმცა ეტაპობრივად მეწილეები გაუჩნდა და დღეს კომპანიის ქონების გადანაწილება ასე გამოიყურება:

ნინა კარბელაშვილი – 18%

ალექსანდრე ველიჯანაშვილი – 36%

დიმიტრი მხეიძე – 36%

ზაზა კვიციანი –  10%

ამირან მალანია – 10%

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge