რეჟიმი საზოგადოების დაშინებას ცდილობს – უფლებადამცველები
თბილისში მასშტაბური პროევროპული აქციების დარბევის შემდეგ, მეშვიდე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩხრეკა დაიწყო. მოქალაქეები ამ პროცესებს რეპრესიების დაწყებად აფასებენ, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ,,ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები.”
ყველაფერი 3 დეკემბერს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ჩხრეკით დაიწყო. ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან მას შემდეგ გააჩერა, როდესაც მან მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა.
,,ამის პარალელურად მეორე ეკიპაჟი ცდილობდა 15 წლის მარტო მყოფი ვილიამის სახლის კარის შემტვრევას,” – ამბობს აქტივისტი. ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ აქტივისტის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები და მეხსიერების ბარათები ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება თვეების წინ აქტივისტის ყოფილი ქმრის, სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს უკავშირდება.
ხარხელი ამბობს, რომ იგი საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი მოულოდნელი ჩხრეკა მხოლოდ ,,რუსული ტერორის” მსგავსად მოხდა, რასაც პროტესტის გარშემო საკუთარ აქტივობას უკავშირებს.
დოდი ხარხელის ინციდენტი იყო დასაწყისი იმ პროცესებისა, რაც შემდეგ 4 დეკემბერს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარალელურ რეჟიმში ჩხრეკდა გირჩი-დროას და პარტია ,,ახალის” ოფისებს. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ,,კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია.
,,დაკავების მომენტში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, სუნთქვის უკმარისობის გამო, რამდენიმე წამით გაითიშა. საერთო ჯამში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო“, – აცხადებს ადვოკატი.
ნიკა გვარამია პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ოფისთან დააკავა. სწორედ ამ ოფისის 5 წევრი დააკავა შსს-მ 4 დეკემბერს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო ფიზიოლოგიური ხსნარი, ჩაფხუტები და საწვიმრები. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ შსს-მ მათ მოლოტოვის კოქტეილები ,,ჩაუდეს.“
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. მათ შორის, ,,გადაუდებელი აუცილებლობის“ გამო გაჩხრიკეს 6 პირი და მათი საცხოვრებელი სახლები.
,,ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტმა დღეს, 5 დეკემბერს განაცხადა. მანვე Facebook ჯგუფ ,,დაიტოვეს” ,,ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი” უწოდა, რომელთა ადმინებიც ე.წ ნაცმაიდანის მოწყობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ ჯგუფის ადმინები, ნენსი ვოლანდი და ილია ღლონტი გაჩხრიკეს პოლიციელებმა გუშინ, 4 დეკემბერს.
პოლიციელებმა ილია ღლონტის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი და ლეპტოპი, ,, ამათი მიზანი დაშინებაა და ჩვენი ხმის წართმევა სოციალურ ქსელებში თუ სადმე”, – ამბობს ღლონტი. ჯგუფის მეორე ადმინის, ნენსი ვოლანდის სახლიდან კი წაიღეს წიწაკის სპრეი, აირწინაღი და ტელეფონი.
,,ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და დადიან აქციებზე, არ უნდათ, რომ არსებობდნენ, უნდათ, რომ გააჩუმონ და ეს საპროტესო მუხტი ჩაკლან და მიითვისოს ქვეყანა რუსეთმა, – აცხადებს „დაიტოვეს“ დამფუძნებელი.
შსს-მ გაჩხრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის საბა ჯაჯანიძის სახლში და მოტყუებით შევიდა მისი ყოფილი მეუღლის დედის სახლშიც: ,,დედაჩემს მიადგა 4-5 ადამიანი ლურჯ ფორმებში სახლში. გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ,” – წერს ანა კვანჭლიშვილი სოციალურ ქსელში.
,, ივანიშვილის პრემიერ მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა რეპრესიები და დღეს უკვე ამ დავალების სისრულეში მოყვანაში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვნენ. აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გასათელად და საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად, რათა მათ შეწყვიტონ რუსული კრიმინალური რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა,” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.