უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ და ეფექტურად მოხდეს 29-30 ნოემბერს სამართალდამცავების მხრიდან რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის, წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტების გამოძიება.

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად აკვირდება შეკრებებსა და მანიფესტაციებს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, როგორც საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების, ისე მათი მიმდინარეობისას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

29 და 30 ნოემბერს გამთენიისას შსს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის დაშლა და მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. განსაკუთრებით საგანგაშო იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. არაოფიციალური მონაცემებით, 29 და 30 ნოემბერს, სულ მცირე 30 ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. გარდა ამისა, გამიზნულად მოხდა ჟურნალისტური აპარატურის დაზიანება.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორცილებული დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, პოლიციის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მიმართული არა კანონმდებლობით გათვალისწინებული განხორციელებისკენ, არამედ შეიცავდა დაკავების პროცედურების შურისძიების განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნიშნებს.  გარდა ამისა, მედიით გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების და ჟურნალისტებისა მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გარდა საპროტესტო აქციის ძირითადი ლოკაციისა, დემონსტრანტების დევნა და ფიზიკური
ანგარიშსწორება შეკრების ადგილიდან მოშორებით მიმდინარეობდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია მათ მიმართ არსებული დაუსჯელობის გარანტიებით. მიუხედავად აპრილი–მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული არაერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებისა, საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ მოუხდენია მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება და აქციის მართვა ფასილიტაციაზე პასუხისმგებელი პირების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვა. ყოველივე აღნიშნულმა შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი იქონიოს შეკრება–მანიფესტაციის უფლების რეალიზებაზე და მომავალში ხელი შეუწყოს ახალი ძალადობის ფაქტებს.

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი