აქციაზე საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი და დაზიანებული მედიის წარმომადგენლები
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„ თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა“, – საქართველოს ჟურნალისტიკის ქარტია.
აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლები:
- „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
- მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
- „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
- ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
- საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
- დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
- დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
- ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
- მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
- აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
- „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
- JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.
გურამ როგავა ჟურნალისტი, რომელსაც რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აშუქების დროს, თავს დაესხა სპეცრაზმელი და ფიზიკურად გაუსწორდა:
„ იცი რაზე მწყდება გული?! ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ახლა სხვა ტელევიზიებში მუშაობენ. ვფიქრობ იმ წლებზე, რაც ერთად გამოვიარეთ, რა ღირებულებებიც გვქონდა, რასაც ვეწინააღმდეგებოდით, რის გამოც ვიბრძოდით მუდმივად…
ამ ადამიანებმა დღეს რანაირად მოირგეს ეს როლი, რომ ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ამჩნევენ.
მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა… მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ… მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ…
სპეცრაზმელს არაფერს არ ვერჩი. ის, რაც ხდება ამ კადრებში, ეს არის არის ზუსტად ჩვენი კოლეგების დამსახურება, ვინც უბრალოდ ხმას არ იღებს კი არა, არ ლაპარაკობს სიმართლეს. დუმილი ამ შემთხვევაში არის დანაშაული“ – ჟურნალისტი გურამ როგავა.