ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიერ მთავრობის კონტროლი და ,,მოდარაჯე ძაღლის’’ როლის შესრულება დღითიდღე უფრო რთული და სახიფათო ხდება.
2024 წელს პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 26 პუნქტით ჩამოქვეითდა, რაც ყველაზე დიდი რეგრესია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში. საქართველომ 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილი დაიკავა.
,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე’’ წერს, რომ საქართველოში მმართველი პარტიის პოლიტიკა მტრულად არის განწყობილი პრესის თავისუფლების მიმართ.
დამოუკიდებელი მედიის კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად ,,ქართულმა ოცნებამ“ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონი აამოქმედა. კანონი საქართველოში ცნობილია „რუსული კანონის“ და „აგენტების კანონის სახელით.“
ვენეციის კომისიის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ეს კანონი არ აკმაყოფილებს „კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
„ კანონი, რომელიც მიზნად გამჭვირვალობას ისახავს, საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს ასოციაციებისა და მედიების სტიგმატიზების, გაჩუმების და საბოლოოდ ლიკვიდაციის რისკით, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისეთ ასოციაციებსა და მედიებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი განაცხადოს უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგების და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე“, – აღნიშნულია აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნით დოკუმენტში.
თავდასხმა ჟურნალისტებზე
საქართველოში მედიაგარემო პარტიული ნიშნით მკვეთრად პოლარიზებულია. ცენტრალური ტელევიზიები პროსახელისუფლო და ანტისამთავრობო არხებად არის დაყოფილი. ადგილობრივი ტელევიზია კი მუნიციპალური ბიუჯეტით ფინანსდება, სადაც ფინანსები თავის მხრივ ამ ტელევიზიების დღის წესრიგზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიის სარედაქციო პოლიტიკას ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლებები განაგებენ. ონლაინ მედია კი დამოუკიდებლობას საერთაშორისო ფინანსების დახმარებით ინარჩუნებს და ცდილობს მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა დაიცვას, ურთულეს მედია გარემოში.
დამოუკიდებელი მედია და კრიტიკული ტელევიზიები ხდებიან ყველაზე ხშირად თავდასხმის ობიექტები სისტემის მხრიდან.
მაგალითად, 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მუშაობის დროს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკურად იძალადეს და უკანონოდ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი. ამავე დღეს, OC Media-ს თანადამფუძნებლის, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის აქციაზე იდენტიფიცირებადი იყო, როგორც ჟურნალისტი, მას პოლიციელმა მუშაობაში ხელი შეუშალა და წაართვა მობილური, რომლითაც აქციის დაშლის მომენტს იღებდა. ,,ოპოზიციური კოალიციის ლიდერის დაკავების მომენტს ვიღებდი, როდესაც წავიქეცი და ვერ შევძელი ადგომა, რადგანაც რამდენიმე პოლიციელმა გადამიარა,“ – ყვება ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე და ფაქტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დეტალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თემაზე მუშაობისას ყოველთვის აღნიშნავენ 2019-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც აქციებზე ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა და დამნაშავეები დაუსჯელები დატოვა, რამაც ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
არჩევნები: მედიაზე ძალადობა
“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. ანგარიშის მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
დამოუკიდებელი მედიისთვის რთული იყო წინასაარჩევნო პერიოდიც, რა პერიოდშიც ჟურნალისტებს თავს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები ესხმოდნენ. მაგალითად, QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტი, არჩევნებამდე 3 დღით ადრე ცდილობდა გადაეღო „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე თბილისში ორგანიზებულად მოქალაქეების გადაყვანა. რა დროსაც, მას დაემუქრა და ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა რუსთავის მუნიციპალური სამსახურის მაღალჩინოსანმა. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, კითხვის დასმისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან’’ ,,მოღალატე” უწოდა დამოუკიდებელი ონლაინმედიის ,,ბატუმელების” ჟურნალისტს.
აღსანიშნავია, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაზე პროსახელისუფლო მედიის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ. თუმცა, მათ მიმართ აგრესია ძირითადად პროპაგანდით გაღიზიანებული საზოგადოების ნაწილი გამოხატავს. საგამოძიებო სამსახურები კი ძირითად ყურადღებას მთავრობის პროპაგანდული მედიის ჟურნალისტების უფლებების შელახვის შემთხვევებს უთმობენ, ხოლო დამოუკიდებელ მედიაზე დაფიქსირებულ ძალადობას ყურადღების მიღმა ტოვებენ.
დაუსჯელობა
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნებამდე გამოცხადებული ,,საყოველთაო ამნისტიის’’ ფარგლებში 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მოძალადე პირები ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. 5 ივლისის საქმეზე 16 დაზარალებულის საქმეზე განხილვა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. საიას განცადებით, არსებითი განხილვა ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა მომავალში ძალადობის წამახალისებელი ხდება. ,,ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, ცილისწამების ან სხვა სახის ზეწოლის ორგანიზატორებისა და ჩამდენი პირების უმეტესობა დასჯილი არ არის. ეს დაუსჯელობა, მტრულ კლიმატს ქმნის ჟურნალისტების საქმიანობისთვის,” – ამბობს ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში.