პოლიციამ თბილისში ძალის გამოყენებით დაშალა და დააკავა აქციის მონაწილეების ნაწილი

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა თბილისში თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მანამდე პოლიციამ ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპირებდნენ აქციის დაშლას და მომიტინგეებს 15-წუთიან ვადას აძლევდნენ ჭავჭავაძის დასაცლელად.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი”, – განაცხადა შსს-მ.

უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის შეკრება–მანიფესტაციის და გამოხატვის უფლების დაცვა. 2024 წელს ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების თანახმად, რიგ შემთხვევებში ხელისუფლების ორგანოები არათუ ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას, არამედ პირდაპირ და უხეშად ერევიან ამ უფლებით დაცულ სფეროში.

უფლებადამცველები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაიცვას ადამიანების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლება.
  • განაგრძოს სახელმწიფოს მხრიდან მასზე დაკისრებული ნეგატიური ვალდებულების შესრულება და ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეების მიერ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უფლების განხორციელებას.
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა.
  • უზრუნველყოს აქციების მართვა/ფასილიტიციის პროცესში ჩართული სამართალდამცავების სათანადო გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
  • ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს განუმარტოს და უზრუნველყოს ისინი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.

აქციის მონაწილეები ნაწილი შეკრებას აგრძელებენ მელიქიშვილის გამზირზე.

ფოტო: Raymond Red Rodgers

QvemoQartli.ge