ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი – კირთაძე განმარტავს რა შეასხა კალანდარიშვილს

ცესკოში ენმ-ის წარმომადგენლის, დავით კირთაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი შეასხა“.„ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე… ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი. მან ერთხელ თქვა, რომ ბიუელეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანამ დღევანდელი ქმედებით დაამჩნია და იმ არჩევნებით, რომელიც ჩატარდა“, – განაცხადა დავით კირთაძემ „ტვ პირველთან“.კირთაძის თქმით, ის მზადაა იმის ზომებისთვის, რაც შეიძლება კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას მოჰყვეს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.

სხდომის განახლების შემდეგ კალანდარიშვილი ახვეული თვალით დაბრუნდა და მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაცია უწოდა.