„შვილმა გააზიარა“ – თეთრიწყაროში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი „ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე
თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენელი, გიორგი კვასტიანი წინასაარჩევნო აგიტაციაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ, დაადანაშაულეს. კვასტიანმა Facebook-ის პირად გვერდზე მამუკა მდინარაძის, „ქართული ოცნებისა“ და ვარლამ ლიპარტელიანის პოსტები გააზიარა.
გიორგი კვასტიანს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს, ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 ოქტომბერს, ,,ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ” საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და მოსთხოვა, რომ კვისტიანი საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის დაეჯარიმებინათ.
ცესკომ ახსნა-განმარტება თავად გიორგი კვასტიანს სთხოვა. რომელმაც 15 ოქტომბერს განმარტა, რომ მას სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ყურადღება არ მიუქცევია და არც გამოუყენებია საკუთარი გვერდი, რომელიც სახლის პერსონალურ კომპიუტერშიც ჩართული ჰქონია და როგორც გაარკვია, მის უფროს შვილს გაუზიარებია სხვადასხვა პოსტები. ანუ გიორგი კვისტიანისთვის მისივე Facebook გვერდზე გაზიარებული პოსტების შინაარსი სწორედ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა მან საჩივარი მიიღო და თანდართულ სქრინებს გაეცნო.
თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კვისტიანის ახსნა-განმარტება გაიზიარა და ენმ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, საჩივრის, თანდართული ფოტო მასალისა და გიორგი კვასტიანის მიერ წარმოდგენილი ახსნა–განმარტების მიხედვით არ დასტურდება გიორგი კვასტიანის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევა. შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი.
QvemoQartli.ge