რუსთავქალაქობის ღონისძიება ქალაქის ბიუჯეტს 258 550 ლარი დაუჯდა
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა, რომელიც მერიის ა(ა)იპ-ს წარმოადგენს, რუსთავქალაქობის ორგანიზებისთვის რამდენიმე შესყიდვა განახორციელა რაც ქალაქის ბიუჯეტს 258 550 ლარი დაუჯდა.
აღნიშნული თანხიდან დაფინანსებულია ორი სცენის მოწყობა კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასართობი ღონისძიებები და საღამოს მუსიკალური გაფორმება.
სცენის მოწყობა და ღონისძიება
კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა რუსთავქალაქობისთვის პირველი ტენდერი გამოაცხადა 23 აგვისტოს.
ტენდერი ,,ქალაქ რუსთავში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ორი საკონცერტო სცენის და გადახურვის, სასცენო-საკონცერტო განათების, ეფექტების, გარე ლედ ეკრანისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურების შესყიდვას” ეხებოდა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს ჯითი ჰოლდინგმა გამოთქვა. სწორედ, ის გახდა ამ ტენდერის გამარჯვებული.
კომპანია ჯითი ჰოლდინგს რუსთავის მერიის ა(ა)იპ-მა, ორი სცენის მოწყობისთვის 130 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, პირველი სცენის მოწყობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს ჯითი ჰოლდინგს ევალდებოდა: სცენის აწყობა, 32 კვადრატული მეტრი გარე გამოყენების ლედ ეკრანის, 30 საორკესტრო მიკროფონის, 16 საშუალო და მაღალი სიხშირის და 4 დაბალი სიხშირის დინამიკის, 12 სასცენო მონიტორის, ერთი გახმოვანების ციფრულ მიქშერის, 10 ვოკალისა და 8 ინსტრუმენტალური მიკროფონის, დასარტყამი ინსტრუმენტი დრამის სრულ კომპლექსტის და მისი 9 მიკროფონის, 8 სიგნალის იზოლატორის, ბასგიტარისა და ელექტრონული გიტარის გამაძლიერებლის, ციფრულ ელ პიანოს, განათების 40 ,,მოტრიალე თავისა” და ციფრული განათების მიქსერის უზრუნველყოფა.
მეორე სცენის მოწყობის სამუშაოები კი მოიცავდა: სცენის აწყობას, გადახურვის სამუშაოებს, კონსტრუქციების აგებას გახმოვანებისა და ეკრანის დასაკიდებლად, გარე გამოყენების 28 ლედ ეკრანს, 16 საშუალო და მაღალი სიხშირისა და 8 დაბალი სიხშირის დინამიკებს, 12 სასცენო მონიტორს, ვოკალისა და ინსტრუმენტალურ 28 მიკროფონს, დრამის სრულ კომპლექტსა და მის 9 მიკროფონს, საორკესტრო და საგუნდო 35 მიკროფონს, განათების 88 ,,მოტრიალე თავს”, 16 ლედ ბარს, 6X4-ზე ლედ ეკრანსა და ციფრული განათების 6 მიქსერს.
შპს ჯითი ჰოლდინგი, რომელმაც რუსთავქალაქობისთვის სცენების მოწყობის სამუშაოები განახროციელა, 2014 წელს დაფუძნდა. მას ტენდერებით სახელმწიფოსგან 5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
გასართობი ღონისძიებები
მეორე ტენდერი ცენტმა 30 აგვისტოს გამოაცხადა, სადაც იგი ეძებდა კომპანიას, რომელიც ღონისძიებაზე ძირითადად გასართობ ნაწილს ჩაიბარებდა.
ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობს, რომლებმაც წინადადებები ერთმანეთისგან 2 წუთის დაშორებით შეიტანეს, თუმცა გადამოწმების შედეგად ვხედავთ, რომ კომპანია კრეატივ–ეს ჯგუფისა და კომპანია ინ–ვიჟენ ჯგუფს ერთი და იგივე დირექტორი მეგი ნამორაძე ჰყავს და ორივე 2024 წლის 1 მარტს ერთსა და იმავე მისამართზე დარეგისტრირდა.
გამარჯვებული კი შპს ინ-ვიჟენ ჯგუფი – 38 550 ლარიანი ხელშეკრულებით აღმოჩნდა.
ხელშეკრულების მიხედვით, სცენის კონსტრუქციაზე, ბრენდირებული ბანერების განთავსებაზე, ტერიტორიის კავროლინით (რბილი ხალიჩა) შეფუთვა, 1 500 სკამში, 1000 ფერადი ალმისთვის, 50 ბრენდირებული ბეიჯისთვის, დრონით მომსახურება, ვიდეორგოლის დამზადებასა და ფოტოგრაფის მომსახურებაზე, 10 ანიმაციური გმირისთვის, საბავშვო კუთხის მოწყობისთვის, პატომიმის, ილუზიონისტის, ასფალტზე ხატვისა და საპნის ბუშტების პერფომანსის ორგანიზებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 38 ათასი ლარი გადაიხადეს.
ცნობისთვის, სწორედ ამ კომპანიამ მოიგო რუსთავის მერიის იმავე სამსახურის 11,4 ათას ლარიანი ტენდერი სწავლის დაწყების დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის სცენის გადახურვის, გახმოვანებისა და განათების აპარატურის მომსახურების შესყიდვის შესახებ. მანვე განახორციელა გასულ წელს ქალაქ რუსთავში დაგეგმილი კონკურს-ფესტივალი „ქართულის” ღონისძიება ჯამში 181,9 ათას ლარად.
მუსიკალური გაფორმება
მუნიციპალურმა ა(ა)იპ კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა, 19 სექტემბერს, 20 ათასი ლარის ხელშეკრულება ჯგუფი ,,რეგიონის“ წარმომადგენელს ლაშა ნოზაძეს, ხოლო 25 ათასი ლარი რევაზ ბლიაძეს, იგივე ,,რეზო და ბავშვებს“ გადაუხადა. მომდევნო დღეს კი 45 ათასი ლარი დაგეგმილი “რუსთავქალაქობის” გაფორმებისთვის სიმფონიურ ორკესტრს, ფიზიკურ პირს ნიკა ნიკვაშვილს გადაუხადა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის ჯამში 90 ათასი ლარის გამარტივებული სამი შესყიდვა განახორციელა.
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტო
ტენდერი სცენის მოწყობისთვის: NAT240017180
ტენდერი ღონისძიების ორგანიზებისთვის NAT240017610;
პირდაპირი შესყიდვები სუბიექტებთან: SMP240002208, SMP240002191, SMP240002181.
მსგავს თემაზე: რუსთავქალაქობა, ადგილობრივ ბიუჯეტს, 99 500 ლარი დაუჯდა
QvemoQartli.ge