„ქართული ოცნების“ კანდიდატი, ხმების მისაღებად, სხვისი შრომის მითვისებას ცდილობს?!

ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც რუსთავის და გარდაბნის მოქმედი მაჟორიტარია, ახლა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ამავე მუნიციპალიტეტებში დელეგატად დაასახელა. ანუ შატაკიშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი „რუსული კანონის“ აქტიური მხარდაჭერით დაამახსოვრა, ახლა, როგორც ჩანს, ხმების მიღებას რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის და მერიის კონკრეტული სამსახურების შესრულებული პროექტებით ცდილობს.

მაჟორიტარი, რუსთავის მერთან ერთად აქტიურად დადის ქალაქის სხვადასხვა უბნებში, აცნობს მოსახლეობას ახალ პროექტებს, ხელში ამ პროექტების დიზაინის პოსტერები უკავია და ალბათ, ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს სიკეთეები მისი შრომის შედეგად ხდება.

მსგავსი „შეხვედრები“ მას, მიმდინარე თვეს, ჰქონდა რუსთავის მე-7 მიკრორაიონში, მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სკვერში და რუსთავის კულტურის სახლში.

რეალობა კი ასეთია. ლოკალურ დონეზე პრობლემების მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა.

მოსახლეობასთან ერთად პრობლემების განსაზღვრა, ტენდერების გამოცხადება, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოების ზედამხედველობა – ყველა ამ ტიპის შრომას მერიაში მომუშავე ადამიანები ასრულებენ. თან უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი ინფორმაციით, მათი სამუშაო დრო, არ სრულდება 18:00 საათზე, შესაბამისად ის შრომა რასაც მაჟორიტარი ალბათ თავისადაც მიიწერს, იმ ხალხის ხარჯზეა, რომელიც საქმეს არასამუშაო დროსაც აკეთებს.

[თვითმმართველობების მსგავსი ფორმით გამოყენების პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, თუმცა ცხადია ეს არ არის გამართლება.]

შეგახსენებთ, რომ „რუსული კანონის“ მიღებით შატაკიშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებმა შეაფერხეს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და  კითხვისნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროპაში.

ირაკლი შატაკიშვილი – ბიოგრაფია

შატაკიშვილი საკანონმდებლო საქმიანობამდე მუშაობდა “RMG GOLD”-ში ჯერ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ იყო კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2014-2017 წლებში შატაკიშვილი მთავარი პროკურორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში მუშაობდა, 2013-2014 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. პროფესიით იურისტმა კარიერა საადვოკატო ბიურო “პოლი და შტატე-პოლიში” დაიწყო 2006 წელს. 2018 წელს მან 10 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, 2020-დან 2022 წლამდე კი 90 ათასი ლარი ქართულ ოცნებას.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge