„რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე სამი სარჩელია შესული. პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის შემდეგ, სასამართლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმაც მიმართა. ამ კვირაში კიდევ ერთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბებიც“ შეიტანს.

„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას” – საქართველოს პრეზიდენტი.

სარჩელის ერთ-ერთი  მთავარი მოთხოვნა არის ამ კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობის დადგენაა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღნიშნული სარჩელი პრეცედენტულია იმით, რომ აქამდე მოსამართლეებს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის დარღვევაზე არასდროს უმსჯელიათ:

„ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს კანონი არსობრივად და ფუნქციონალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დადგენილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მიზანი. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის სარჩელში.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

პრეზიდენტის სარჩელში, ასევე ხაზგასმულია ამ კანონის შეუთავსებლობა  საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან, რომელიც გაერთიანების თავისუფლებას ითვალისწინებს:

„  სადავო კანონის მე-2 მუხლით ფაქტობრივად მკვიდრდება იარლიყი და დამღა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის ქვეშ, რაც იწვევს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების სტიგმატიზაციას, ხოლო საბოლოოდ არსებით გავლენას ახდენს გაერთიანების თავისუფლებაზე. რაც შეეხება რეესტრში რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, აღნიშნული წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ინტერვენციას, კერძოდ, გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლების პროცესში ჩარევის ფორმით, რაც საბოლოოდ არსებით გავლენას ახდენს ამ ძირითადი უფლების სრულფასოვან რეალიზაციაზე. ამგვარი წესებით რეალურად შეუძლებელი ხდება დაფინანსების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთა ძირითადი ფინანსური რესურსი სწორედ უცხოური წყაროა, ხოლო დაფინანსების არარსებობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება საქმიანობის განხორციელება“, – აღნიშნულია სარჩელში.

„რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ყველა მოსარჩელე ითხოვს, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე, დამაზიანებელი კანონის მოქმედება შეჩერდეს.

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მასალების შესასწავლად მინიმუმ ერთი თვე სჭირდება.

QvemoQartli.ge