წინასაარჩევნოდ რუსთაველებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოუგვარებენ
არჩევნების სამართლიანად ჩატარება სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხსაც ეხება. შესაბამისად, წინასაარჩევნო და არჩევნებამდე უახლოეს თვეებში წარმართული ყველა საბიუჯეტო პროცესი ყურადღებას იპყრობს.
ამჯერად რუსთავში მიმდინარე მოვლენებზე ვამახვილებთ ყურადღებას.
ქალაქს წლებია აწუხებს ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, თბილისში გადაადგილებისთვის მოსახლეობას მეტწილად სამარშრუტო ტაქსების გამოყენება უწევს, რომელიც დღის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში ე.წ. ახალ რუსთავში უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი. ასევე, ამ დრომდე რუსთავის მერიის დანიშნული ავტობუსებიც, ვერ ფარავს სრულად მოსახლეობის მოთხოვნას.
ახალი ავტობუსები რუსთავს
ამ პრობლემის მოგვარების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გააჟღერა:
„პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი თანადგომით და ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრების ალექსანდრე დალაქიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მხარდაჭერით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. ეს კი ჩვენი ქალაქისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორიცაა რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენა. საკითხი, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმუშაობდით, წარმატებით დასრულდა. შემოდგომიდან, რუსთაველებს, დედაქალაქის მიმართულებით, კომფორტულად და შეუფერხებლად მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ“ – ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი.
2024 წლის 10 ივლისით დათარიღებულ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში კი ვკითხულობთ:
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა ავტოპარკის M2 ან/და M3 ავტობუსების შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით სესხის აღების თაობაზე.“
70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის საკითხზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დასრულდება.
არჩევნები და ადმინისტრაციული რესურსი
საყურადღებოა TI-ის ნაშრომი სახელწოდებით „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად დასმული კითხვები“ სადაც ვკითხულობთ:
„ თუ ხარჯების გაწევის/პროგრამის განხორციელების დრო ახლოსაა არჩევნებთან, პოლიტიკური სარგებელი ანუ ამომრჩევლის მომხრობის შესაძლებლობა ნათელია, თუ დაფინანსებული პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქმე გვაქვს ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან.
QvemoQartli.ge