რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა
რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი სართული დატბორა. წყლის ერთი ნაკადი უმოქმედოდ დარჩენილი ლიფტის კედელს გაყვა და მე-3 სართულამდე ჩავიდა. იგივე სიტუაცია იყო 21-ე მკ/რ-ის მე-4 კორპუსში. მოსახლეობის ბინებში კედლებთან ერთად საყოფაცხოვრობო ნივთებიც დასველდა.
მაცხოვრებლები გაოცებულნი დარჩნენ, რადგან სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოვიდა,სულ რაღაც, რამდენიმე თვის წინ გადახურეს. ადგილობრივებმა მერიის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლეს და გადასახდელი (სახურავის გადახურვის) 10% ერთმანეთში გაინაწილეს. საერთო ჯამში იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მეზობელმა ფული ვერ დადო და ზოგი ბინაც დაკეტილი იყო – ოჯახებს 90 ლარის დადება მოუწიათ.
,, ჩვენ არ ვიცით ზუსტად სახურავის ბრალია, თუ საწვიმარი მილის ე.წ ჟოლობის. ამას იმიტომ ვეჭვობთ, რომ ჟოლობი არ იყო არაფრით დაცული ყინვისგან. ალბათ, წყალი ვერ გაატარა და ამიტომაც დავიტბორეთ”- ამბობენ კორპუსების მაცხოვრებლები.
მოსახლეობას პირველ რიგში საქმნის გარკვევას ,,რუსთავის კორპუსთან” ურჩევს, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე. ,,ცხრა სართულიანი კორპუსების მოსახლეობამ თვითონ მოძებნეს კომპანიები, რომელებიც მუშაობენ გადახურვებზე. პირველ რიგში პასუხი მათ უნდა მოსთხოვონ. ასევე ცხადია, უნდა მიმართონ ,,რუსთავის კორპუსს”. თუ ახალ გადახურულ შენობას პრობლემა აქვს შემსრულებელმა კომპანიამ უნდა აგოს ამისთვის პასუხი.
რაც შეეხება საწვიმარ მილებს. მე ვერ გეტყვით ამ კონკრეტული შენობის პროექტში სახურავის საკითხთან ერთად საწვიმარი მილის მოწესრიგებაც შედიოდა, თუ არა.”- საუბრობს რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე.
21-ე მკ/რ მამასახლისებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. მათ კიდევ ერთხელ უწევთ კორპუსში თანხის აგროვება. ამჯერად, უკვე საწვიმარი მილების შესაკეთებლად.
აღნიშნული პრობლემის წარმოქმნისთვის პასუხისმგებლობა შემსრულებელ კერძო კომპანიასთან ერთად ქალაქის თვითმმართველობასაც ეკისრება, რადგან თვითმმართველობას პროგრამაში, ლოგიკურად, უნდა გაეთვალისწინებინა სახურავებთან ერთად მათი საწვიმარი მილების მოწესრიგების საკითხიც.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=62