ეს კანონი არის დიდი სირცხვილი – ახალი აზროვნების ინსტიტუტი
მოქალაქეების აქტიური პროტესტის და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.
როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.
“აგენტების კანონს”, საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი.“
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი არიზ დაშდამიროვი ამბობს, რომ აგენტის სტატუსის მინიჭება რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის:
„ ამ კანონის მიღება ყველა სხვა დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება. ყველაზე მთავარი არის ის ფაქტი, ეს კანონი რომ ჩვენსა და სხვა ჩვენნაირი ორგანიზაციების პერსონალს აგენტს უწოდებს. ეს ძალიან ნეგატიური ასპექტია ამ ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები და მომუშავე ადამიანებისთვის, რადგან ცენტრისგან განსხვავებით, რეგიონებში მუშაობა უფრო რთულია და დაბრკოლებებით სავსეა. მგონია, რომ ამ ადამიანების “უცხო გავლენის აგენტად” დარქმევა ძალიან უსამართლოა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მიუხედავად ამდენი სირთულისა და დაბრკოლებისა, მაინც ცდილობენ რაიმე კარგი აკეთონ ამ საზოგადოებისთვის“- არიზ დაშდამიროვი, ახალი აზროვნების ინსტიტუტი.
დაშდამიროვი აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაა.
„ კანონის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ეს კანონი ემსახურება გამჭვირვალობას. მაგრამ კანონი, რომელიც ადამიანებს და სისტემას უფლებას აძლევს, რომ მოქალაქე განსაჯონ მისი ფილოსოფიური შეხედულებების და სექსუალური ორიენტაციის გამო, არის სირცხვილი. ასეთი ტიპის კანონი საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსთვის არის დიდი სირცხვილი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ჩვენ დღემდე განხორციელებული ყველა პროექტის აქტივობების ფოტოები და ვიდეორგოლები (თავისი მოკლე ტექსტით) განთავსებული გვაქვს ჩვენს ვებ-გვერდებზე, წარდგენილი გვაქვს თხრობითი და ფინანსური ანგარიშებიც. ყველა ზემოთაღნიშნული ფაქტორის ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას ემსახურება“, –არიზ დაშდამიროვი, ახალი აზროვნების ინსტიტუტი.
„აგენტად“ დარეგისტრირების საკითხზე „ახალი აზროვნების ინსტიტუტში“ იურისტებთან მსჯელობენ:
„ ამ მიმართულებით ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს იურისტებთან, ვაანალიზებთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ალტერნატივას, შესაძლებლობას და ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ სამომავლო გეგმა ყველა ჩვენი მომავალი ნაბიჯისთვის. ჩვენ, როგორც ორგანიზაციის მმართველ გუნდს, აღნიშნული საკითხის თაობაზე ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- არიზ დაშდამიროვი, ახალი აზროვნების ინსტიტუტი.
ახალი აზროვნების ინსტიტუტი (NTI) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში 2015 წელს დაარსდა.
ფოტო: “ახალი აზროვნების ინსტიტუტი”-ს საგანმანათლებლო პროექტები
„ ჩვენი ორგანიზაცია გახდება 9 წლის. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაცია, მისი პერსონალი, მოხალისეები თავდადებით მუშაობდნენ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ასევე, ორგანიზაციას მიზნად დასახული ჰქონდა თემში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და განათლების დონის გაუმჯობესება. 2022 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის უფასო კურსებით სარგებლობის შედეგად 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში, 30-მდე ქალი კი არის თვითდასაქმებული.
ორგანიზაცია, მისი ფილიალები და სათემო ქსელი სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ერთადერთი შანსი იყო და არის აქტიურობისთვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის. მისი მთელი რესურსი (კომპიუტერები, ბიბლიოთეკა, პრინტერი, ინტერნეტი, სივრცე,) ხელმისაწვდომია თემის ყველა მოქალაქისთვის“,- არიზ დაშდამიროვი.
QvemoQartli.ge